4 ოქტომბერი

რას აჩვენებს AI ხელსაწყოები ახალაია-ბურჭულაძეზე გავრცელებულ აუდიოზე? – მითების დეტექტორი

მითების დეტექტორი

ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის, მითების დეტექტორის ანალიზის მიხედვით, AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები აჩვენებს, რომ ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის შესაძლო საუბარის ამსახველი აუდიოჩანაწერი, რომელიც სამთავრობო მედიაში გავრცელდა, სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.

აუდიოჩანაწერი თავდაპირველად 4 ოქტომბერს სამთავრობო, პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა, რომლის თანახმადაც ის ელ-ფოსტაზე მიიღეს. შემდგომ ჩანაწერი მთავრობის მხარდამჭერ სხვა მედიებშიც გავრცელდა. რიგმა მედიებმა, მათ შორის, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნა, რომ ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

იმედის მტკიცებით, ჩანაწერში ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის ხმა ისმის, რომლებიც 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციას განიხილავენ. ხმა, რომელსაც სამთავრობო მედია ახალაიას მიაკუთვნებს, აცხადებს, რომ "ექვსი საათი რომ დაიწყება", უნდა "დაიწყონ" "გაწევა-გამოწევა, რაც შეუძლიათ" და "შეტაკება, თავ-პირის მტვრევა". ამასთან, ჩანაწერში ახალაია, სამთავრობო მედიის მტკიცებით, ამბობს, რომ უნდა იყოს "დაგნარი მაქსიმალურად" და არ ადარდებს, "ვინ მოკვდება - პოლიციელი, ჩვენიანი". ჩანაწერში შემდგომ ბურჭულაძის ხმა ახალაიას ხმას ეკითხება, აქციაზე წასვლაზე გადაწყვეტილება ხომ არ მიუღია, რაზეც, მთავრობის მხარდამჭერი მედიის მტკიცებით, ახალაია პასუხობს, რომ მას "სუსი აზის", რის გამოც ვერ გარეთ ვერ გადის თუმცა "სიამოვნებით მისცემდა ბავშვებს იარაღს". 

ჩანაწერს ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი Facebook-ზე გამოეხმაურა, მისი ავთენტურობა უარყო და დაწერა, რომ მოცემული ხმა ახალაიას ხმას საერთოდ არ შეესაბამება. 

გარდა ამისა, ჩანაწერს ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი ავთენტურობის დადგენა "გამოძიების საქმეა". კობახიძის მტკიცებით, ჩანაწერის "შინაარსი არავის უკვირს". 

მითების დეტექტორმა აუდიოჩანაწერს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ხმის ამომცნობი ხელსაწყოების, Deepfake-O-Meter-ისა და Hiya-ს მეშვეობით ანალიზი ჩაუტარა.

როგორც მითების დეტექტორი წერს, Hiya-მ აჩვენა, რომ აუდიოჩანაწერის 75% არის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი.

ამასთან, ფაქტების გადამმოწმებლის მიხედვით, Deepfake-O-Meter-ის მაჩვენებლების თანახმად, ჩანაწერში AI-ის კვალი 84%-სა და 100%-ს შორის მერყეობს. 

კომენტარები