4 ოქტომბერი

სუს-ის მტკიცებით, ამოღებულია საბრძოლო მასალა, რომელიც 4 ოქტომბერს უნდა გამოყენებულიყო

სუს-ის ვიდეომასალა

სუს-ის მიერ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით - ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდება. მათივე ცნობით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში 4 ოქტომბერს "დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო". 

სუს-მა საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-ზე ძებნა გამოაცხადა. 

"საქმის მასალების თანახმად, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, რაც დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-მ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები.

ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო. სუს-ის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც სავარაუდოდ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ. სპეციალურ სამალავში აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები გადამალული იყო თბილისის მახლობლად ტყის მასივში.

ჩვენ მიერ ასევე იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც ბ.ჭ.-ს შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი, რომლითაც შესაძლებელი იყო დეტონატორის მოქმედებაში მოყვანა. ის უკვე მოყვანილია უსაფრთხოების სამსახურში და მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია ბ.ჭ. და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

დღეს გამთენიისას ჩატარდა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი ტელეფონი, რომელსაც ის საქართველოში ყოფნის დროს იყენებდა. ტელეფონის დათვალიერების შედეგად ამოღებულია ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, სადაც ბ.ჭ. გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ პირს აჩვენებს მის მიერ შეძენილ იარაღებს, საბრძოლო მასალას და აბარებს ერთგვარ ანგარიშს აღნიშნულთან დაკავშირებით.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით.

ინტენსიურად ტარდება ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით" - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 

გუშინ, 4 ოქტომბრის ღამეს, შსს-მ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა. 

მათ ბრალად ედებათ "საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა".

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

4 ოქტომბრის დილით პაატა ბურჭულაძემ ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ 5 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტში თავად, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე იყვნენ.


4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრება მოქალაქეებმა 16:00 საათიდან დაიწყეს. 18:00 საათზე, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მისი განცხადებით, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და განაცხადა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".

ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა ვიკრიბებით ბარათაშვილის პარკისკენ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება" - თქვა მან.

მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. 

მომიტინგეთა ნაწილი ათონელის ქუჩაზე დარჩა, ნაწილი რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. გდდ-მ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი და გაზი, ასევე წყლის ჭავლი. 

ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 4 მუხლით: 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე დაიწყო.

"დაგიდასტურებთ, რომ აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული, მოგვიანებით გავავრცელებთ განცხადებას თუ ვინ არის დაკავებული, რა მუხლით და რა წარმოება აქვს შსს-ს" - თქვა დარახველიძემ.

კომენტარები