ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელის მთავრობამ ღაზისთვის ტრამპის სამშვიდობო გეგმა დაამტკიცა

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ისრაელის კაბინეტის შეხვედრაზე, 9 ოქტომბერი, 2025
Maayan Toaf / GPO

ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნთენიაჰუს კაბინეტმა 10 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ღაზის სექტორისთვის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის შედეგადაც ბრძოლა შეწყდება, ხოლო ჰამასი, ისრაელის მხრიდან პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ, ღაზაში მყოფ ყველა ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს. 

შეთანხმებისამებრ, ახლა ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ღაზის სექტორში სამხედრო ნაწილებს შეთანხმებულ ხაზამდე გაიყვანს, საიდანაც 72 საათში ჰამასი ყველა მძევალს გაათავისუფლებს. 

ნეთანიაჰუმ კაბინეტის შეხვედრაზე, რომელსაც ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერიც ესწრებოდნენ, განაცხადა, რომ ისრაელი ყველა მძევლის უკან დაბრუნების მიზნის "მიღწევასთან ახლოსაა".

"ჩვენ ეს ორი წელი ომის მიზნების მისაღწევად ვიბრძოდით. ამ მიზნებს შორის უმთავრესი მძევლების დაბრუნებაა, ყველა მძევლის, ცოცხლებისა და გარდაცვლილების. ჩვენ ამ მიზნის მიღწევასთან ახლოს ვართ." - თქვა ისრაელის პრემიერმა და დაამატა, რომ ისრაელი ამას ტრამპის ადმინისტრაციის დახმარების გარეშე ვერ მიაღწევდა. 

8 ოქტომბერს ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ისრაელი და ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია "სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე" შეთანხმდნენ.

"ძალიან ვამაყობ, რომ შემიძლია გამოვაცხადო: ისრაელმა და ჰამასმა ორივემ ხელი მოაწერა ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი მათ სამხედროებს შეთანხმებულ ხაზამდე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯები იქნება მტკიცე, გამძლე და სამუდამო მშვიდობისკენ." - დაწერა ტრამპმა. 

სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მხარეებს შორის მოლაპარაკებები ეგვიპტეში გაიმართა, სადაც ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი (ტრამპის სიძე) 8 სექტემბერს ჩავიდნენ.

ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლების გარდა, მოლაპარაკებებში კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მიერ გაგზავნილი შუამავლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

გამოცემა Axios-ის ცნობით, სამშვიდობო შეთანხმება ეფუძნება ტრამპის მიერ გასულ კვირას გამოცხადებულ 20-პუნქტიან გეგმას.

თუმცა, გამოცემის ცნობით, ჯერ კიდევ შესათანხმებელი რჩება ისეთი საკამათო საკითხები, როგორებიცაა ჰამასის განიარაღება და სამომავლოდ ღაზის სექტორის მმართველობითი სტრუქტურა.

კომენტარები