აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია მძევლებს 13 ან 14 ოქტომბერს გაათავისუფლებს.
"ისინი [მძევლები] ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გათავისუფლდნენ. მათი დაბრუნება რთული პროცესია" - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში მინისტრთა კაბინეტის სხდომისას.
ტრამპი ამბობს, რომ მომავალ კვირაში შეეცდება, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავროს, თუმცა გამგზავრების თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.
მისივე თქმით, ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ის ეგვიპტეში ჩავა.
ისრაელის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ისინი 12 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადებიან. მიუხედავად ამისა, ტრამპს ისრაელში ვიზიტის შესახებ არაფერი უთქვამს.
8 ოქტომბერს ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ისრაელი და ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია "სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე" შეთანხმდნენ, რის ფარგლებშიც ჰამასი ყველა მძევალს გაათავისუფლებს, ხოლო ისრაელი ღაზის სექტორში სამხედროებს შეთანხმებულ ხაზამდე გაიყვანს.
ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლების გარდა, მოლაპარაკებებში კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მიერ გაგზავნილი შუამავლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
გამოცემა Axios-ის ცნობით, სამშვიდობო შეთანხმება ეფუძნება ტრამპის მიერ გასულ კვირას გამოცხადებულ 20-პუნქტიან გეგმას.
თუმცა, გამოცემის ცნობით, ჯერ კიდევ შესათანხმებელი რჩება ისეთი საკამათო საკითხები, როგორებიცაა ჰამასის განიარაღება და სამომავლოდ ღაზის სექტორის მმართველობითი სტრუქტურა.
ამასთან, Times of Israel წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰამასი ღაზაში დარჩენილ ცოცხალ მძევლებს შაბათს გაათავისუფლებს. Axios-ის მიხედვით, მძევლების გათავისუფლება ისრაელის კაბინეტის მიერ შეთანხმების დამტკიცებიდან 72 საათში მოხდება.
შეთანხბემის გამოცხადების შემდეგ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ შეთანხმების დასამტკიცებლად მთავრობის მოწვევას დღესვე აპირებს: "ჩვენს ყველა ძვირფას მძევალს სახლში დავაბრუნებთ." - დაამატა მან.





