რუსული რეჟიმი

ოცნება: მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებაზე დროებით კონტრპროდუქტიული იქნება

ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, პარტია წერს, რომ "მათი ქმედებების და მოსახლეობის მოთხოვნის" მიუხედავად, ელჩების გაძევება კონტრპროდუქტიული იქნება და ცალმხირვი მეგობრების რეჟიმში რჩებიან "სანამ დიფ სთეითის გავლენები არ შესუსტდება". ბრიფინგი ირაკლი კირცხალიამ გამართა. 

როგორც ის ამბობს, ბოლო პერიოდში, "საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროპული და ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩები" ასვეე, მათი საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ქმედებები, საქართველოს "შიდა საქმეებში აშკარა ჩარევის" ნიშნებს შეიცავს.

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მხრიდან, ვისაც ჩვენ საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ, თუმცა, საზოგადოებას, რომელიც სრულიად სამართლიანადაა აღშფოთებული და ქართული ოცნების მხრიდან გადამჭრელი ზომების მიღებას ითხოვს, გვსურს განვუმარტოთ, რატომ ვატარებთ მოთმინების პოლიტიკას და რატომ ვიკავებთ მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან, მათ შორის, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის გაძევებისგან თავს". - თქვა კირცხალიამ. 

მისივე განმარტებით, ეს მიზეზებია კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება, "მოლაპარაკებების გახსნის საკითხის პოლიტიკური ვაჭრობის თემად ქცევა", ევროკავშირისა თუ მისი სტრუქტურების მიერ სხვადასხვა დროს მიღებული რეზოლუციები, ასევე ელჩებისა და პოლიტიკოსების განცხადებები. 

კირცხალიამ ასევე ისაუბრა აშშ-ს წინა ადმინისტრაციასა და ელჩებზე. მისი მტკიცებით, "საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მსგავს არადიპლომატიურ ქმედებებთან და პოლიტიკურ ზეწოლასთან გვქონდა საქმე ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის და მათ მიერ დანიშნული ელჩის პირობებშიც. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, მათ საქართველოში აკრედიტებული ელჩის პენსიაში გაშვება მოუწიათ".

"ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ ელჩებთან, ქვეყნებთან, ორგანიზაციებთან თუ ინსტიტუტებთან, ვაგრძელებთ პროფესიულ ურთიერთობას და არ ვდგამთ იმ მკვეთრ ნაბიჯებს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოითხოვს.

რა თქმა უნდა, ჩვენი ეს პოლიტიკა კონკრეტულ გეგმას ეფუძნება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში დღეს აშკარად იგრძნობა დიფ სთეითის გავლენა და არაერთი ევრობიუროკრატი სწორედ მათზე მუშაობს. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად უჭირს დღეს ევროპას, რამდენად დიდია იქ დიფ სთეითის გავლენა, რამდენად რთულ ვითარებაში ჩააყენეს ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და ზოგადად, ევროკავშირის სტრუქტურები - კონკრეტული ელჩების ქცევა ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ევრობიუროკრატია სწორედ იმ ქვეყნების წარმომადგენლებით კომპლექტდება, რომელთა ელჩებიც ასე უხეშად და არადიპლომატიურად მოქმედებენ საქართველოში.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე დიფ სთეითის მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი სახელმწიფო, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობას წლების განმავლობაში აშენებდა და ავითარებდა, შესაბამისად, დიფ სთეითის მართულ ევრობიუროკრატიას არ მივცემთ საშუალებას, რომ ელჩების არადიპლომატიური ქმედებების გამო, მიღწეული შედეგები, სახელმწიფოებისა და ხალხების ურთიერთობების დონეზე გააფუჭოს.

ცხადია, კონკრეტული ქვეყნის ელჩის გაძევება გამოიწვევს მთელ რიგ დიპლომატიურ სვლებს, რაც საქართველოსა და კონკრეტული ქვეყნების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.

შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ადრე თუ გვიან, ევროპაში დიფ სთეითის გავლენა შესუსტდება, რისი ნიშნებიც მთელ რიგ ქვეყნებში და მათ მოსახლეობაში ნელ-ნელა იკვეთება, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რამეთუ მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული ვითარება დროებითია და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ელჩების, თუ ევრობიუროკრატების განცხადებებმა და ქმედებებმა ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობების დაძაბოს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მანამ, სანამ ევროპა დიფ სთეითის გავლენისგან არ გათავისუფლდება. პარალელურად კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიფ სთეითის გავლენა არ გავრცელდეს საქართველოზე, რადგან უკვე კარგად ვიცით, რა შედეგი მოაქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის.

მიგვაჩნია, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებით მივაღწევთ იმ შედეგს, რისთვისაც ვიღწვით". - თქვა კირცხალიამ.

კომენტარები