პროკურატურის ცნობით, კასპში ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს ქალის გარდაცვალების შემდეგ ბრალდება დაუმძიმდა.
უწყების ცნობით, მას უვადო პატიმრობა ემუქრება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ჯერ ჭრილობები მიაყენა,შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა" - წერია პროკურატურის განცხადებაში.
ქალი, რომელსაც კასპში, ყოფილმა მეუღლემ დაზიანებები მიაყენა და შემდეგ მისი დაწვა სცადა, საავადმყოფოში 2 ოქტომბერს, დილით გარდაიცვალა.
თათია ლომინაძეს მკურნალობა თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა, მას სხეულის თითქმის ნახევრის, 40-45%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა.
მის ყოფილ ქმარს პატიმრობა 28 სექტემბერს შეეფარდა.
შემთხვევა კასპში 25 სექტემბერს მოხდა. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვასაც შეეცადა. მან ქალს მჟავაც შეასხა.





