ინტერპრესნიუსის ცნობით, ქალი, რომელსაც კასპში, ყოფილმა მეუღლემ დაზიანებები მიაყენა და შემდეგ მისი დაწვა სცადა, საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.
თათია ლომინაძეს მკურნალობა თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა, მას სხეულის თითქმის ნახევრის, 40-45%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა.
შემთხვევა 25 სექტემბერს მოხდა. ყოფილმა ქმარმა ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც ჯერ მჟავა შეასხა და ბენზინის შესხმით მის დაწვასაც შეეცადა.
ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს 27 სექტემბერს ბრალდება წარედგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, რის შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მძიმე ხარისხის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ბრალდებულს 28 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.





