2025 წლის ოქტომბერში იწურება თბილისის საკრებულოში ჩემი უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა. ამ პერიოდში, საკრებულოს წევრის სტატუსით აქტიურად ვსაუბრობდი სხვადასხვა მუნიციპალურ პრობლემაზე. თუმცა, ჩემი ყურადღება სხვა საკითხებზე მეტად ეთმობოდა ურბანულ პრობლემებს, ქალაქის არასწორ განაშენიანებას და უკონტროლო მშენებლობებს. ეს სწორედ ის საკითხებია, რომლებიც ქალაქში ცხოვრების ხარისხზე ყველაზე მძიმედ და გრძელვადიანად მოქმედებს.
ურბანული გენოციდი - ამ ტერმინით აღვწერდი პრობლემას, რომელმაც კალაძის მერობის პირობებში განსაკუთრებით იჩინა თავი. მსურდა, ამით პრობლემის მასშტაბისთვის გამესვა ხაზი. უკონტროლო მშენებლობებზე სწორედ იმიტომ ვფოკუსირდი, რომ კალაძის და ქართული ოცნების თავზეხელაღებული კორუფცია ყველაზე მეტად აქ იკვეთება და ყველა მასშტაბური და პრობლემური პროექტის უკან პირადად კალაძის და ქართული ოცნების კორუფციული ინტერესი დგას.
2021 წლის 7 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე ჩემი და კახა კალაძის დაპირისპირება გამოიწვია ჩემმა ნათქვამმა ფრაზამ - "დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ მერად მიმაჩნიხართ". ამ ფრაზის თქმის დროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვცდებოდი და კალაძე არა "ერთ-ერთი", არამედ ყველაზე კორუმპირებული მერია, რომელიც ჩვენს მრავალჭირნახულ ქალაქს ჰყოლია.
თბილისის იერსახეს დღეს იმ დაშვებული შეცდომებისა და დაგროვილი პრობლემების ერთობლიობა ქმნის, ბოლო ათწლეულებში რომ ყველამ დაუშვა, მაგრამ კახი კალაძემ ის სრულიად ახალ ხარისხში აიყვანა.
საინტერესოა, რომ კალაძის მერობის პირობებში, 2017 წლიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, თბილისში გაიცა 44 610 ახალი მშენებლობის ნებართვა, რომელთა ჯამური ფართობიც 356 მილიონი კვადრატული მეტრია. ცალკე განხილვის საგანია, თუ რა გავლენას ახდენს ასეთი ინტენსიური განაშენიანება უძრავი ქონების ბაზარზე და მთლიანად ეკონომიკაზე. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, უძრავი ქონების ბაზრის ასეთმა ინტენსიურმა განვითარებამ შესაძლოა, საპნის ბუშტის ეფექტი იქონიოს, რომლის გასკდომაც დამანგრევლად აისახება ეკონომიკაზე.
თუმცა, 356 მილიონი კვადრატული მეტრის მოცულობის პროექტების მშენებლობის შედეგად არ გაზრდილა საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა და თბილისში უძრავი ქონების ფასებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
ქალაქის განვითარების თვალსაზრისით უნდა გავიხსენოთ რამდენიმე საკვანძო ეტაპი, რომელმაც თბილისში არსებული ისედაც ქაოტური განაშენიანების პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა.
მერობის პირველსავე წელს, კალაძემ ფაქტობრივი მორატორიუმი გამოაცხადა მშენებლობის ნებართვების გაცემაზე, რაც დავით ნარმანიას მერობის პერიოდში მიმდინარე განუკითხაობასთან შედარებით ცივი შხაპივით იყო. თუმცა, ერთი წლის თავზე ვითარება დიამეტრალურად შეიცვალა და კალაძის მერობა ქართული დეველოპერული კომპანიების "ოქროს ხანად" გადაიქცა.
შემდეგი საკვანძო ეტაპი იყო 2019 წლის 15 მარტი, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცა. მაშინ, ქართული ოცნება გენგეგმის დამტკიცებას ისტორიულ მოვლენად აფასებდა და დოკუმენტს ქალაქის კონსტიტუციას უწოდებდა. არ არის შემთხვევითი, რომ დედაქალაქის კონსტიტუციასაც იგივე უქნეს, რაც ეროვნულს.
საინტერესოა, რომ თბილისის გენგეგმის მიხედვით, ქალაქის განვითარების ხედვა ეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს, რომელიც მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში დეტალურად არის გაწერილი:
- კომპაქტური ქალაქი
- მწვანე ქალაქი
- კარგად შეკავშირებული ქალაქი
- მედეგი ქალაქი.
აღსანიშნავია, რომ გენგეგმის მიღების შემდეგ კალაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელიც გენგეგმით არის გაწერილი. მაგალითისათვის, შეგვიძლია განვიხილოთ "კომპაქტური ქალაქის" პრინციპი, რომელიც ბოლო წლების გადაწყვეტილებებით სრულად იქნა იგნორირებული თბილისის მერიის მიერ.
კომპაქტური ქალაქის პრინციპი გულისხმობს ქალაქის ტრადიციულ საზღვრებში განვითარებას და აუთვისებელი ტერიტორიების განაშენიანების დროს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებას.
ალბათ, ყველა ადევნებს თვალყურს იმ ინტენსიურ განაშენიანებას, რომელიც ქალაქის შემოგარენში მიმდინარეობს - ტაბახმელაში, წავკისში, შინდისში, კოჯორში, კიკეთში, ლისზე, თბილისის ზღვაზე და ა.შ. ამ ტერიტორიაზე ყოველწლიურად ასიათასობით კვადრატულ მეტრზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა, რაც ჯამში ხელს უწყობს "მანქანაზე დამოკიდებული უბნების" ჩამოყალიბებას. ეს, საგზაო ინფრასტრუქტურის დეფიციტთან ერთად, ზრდის იმ ხარჯებს, რომელიც თბილისელებმა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უნდა გადაიხადონ - ავტობუსები, დასუფთავება და სხვა მუნიციპალური სერვისები.
ველურ განაშენიანებასთან მიმართებით კალაძის კიდევ ერთი ტყუილი იმაში მდგომარეობს, რომ თბილისში სამშენებლო (კ2) კოეფიციენტის გაყიდვა გრძელდება, მიუხედავად დედაქალაქის მერის საზეიმო დაპირებისა, რომ კოეფიციენტები აღარ გაიყიდებოდა. თავდაპირველად, კოეფიციენტების გაყიდვას თბილისის მერია დროებით შესაძლებლობად აცხადებდა, მხოლოდ "ცენტრ პოინტის" დაზარალებულთა ფონდის შესავსებად. თუმცა, "ცენტრ პოინტის" ვალდებულებების დაკმაყოფილების შემდეგ, თბილისის მერიამ გააგრძელა კოეფიციენტების გაყიდვა ავარიული სახლების რეაბილიტაციის ფონდისათვის. აღნიშნული ჩანაწერი დეველოპერებს შესაძლებლობას აძლევს, მოიმატონ სამშენებლო ფართობი, მიუხედავად იმისა, თუ ურბანულად რამდენად გაუმართლებელია ასეთი გადაწყვეტილება. ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ და საკრებულომ ათიათასობით კვადრატული მეტრის მშენებლობის მიზნით გასცეს კ2 კოეფიციენტის გადამეტების უფლება, რისთვისაც 129 დადგენილება იქნა გამოცემული. რა თქმა უნდა, არავის გაუკვირდება ის ფაქტი, რომ გადამეტებული კოეფიციენტის შესყიდვის უფლებით ყველაზე ხშირად მმართველ გუნდთან დაკავშირებული ადამიანები სარგებლობენ.
მოქმედი კანონმდებლობით ლეგალიზებულია ყველა ტიპის ურბანული და სამშენებლო დანაშაული, ხოლო კანონის მკაცრი ფორმით ინტერპრეტაცია მხოლოდ მათთვის ხდება, ვინც ვერ ახერხებს თბილისის მერიასთან და მმართველ გუნდთან საერთო ენის გამონახვას.
ამ წლების განმავლობაში, ქართული ოცნების პირობებში არაერთხელ მოხდა სამშენებლო დარღვევების ამნისტია და უკანონოდ წარმოებული მშენებლობების ექსპლუატაციაში მიღება, რაც მათ ფაქტობრივ დაკანონებას ნიშნავს - ასეთი კანონმდებლობა სულ ბოლოს 2021 და 2024 წლებში მიიღეს. მსგავსი უკანონობის ლეგალიზების მაგალითი შეიძლება იყოს ინგოროყვას 5 ნომერში მდებარე შენობის სახურავზე კიდევ ერთი ახალი სართულის დამატება, რაც მუნიციპალური ინსპექციის ჯარიმის და შეჩერებული მშენებლობის მიუხედავად მაინც მოექცა ამნისტიის ფარგლებში.
ბუნებრივია, 44 610 მშენებლობის ნებართვიდან ყველა კორუფციის და ურბანული გენოციდის მაგალითს არ წარმოადგენს. თუმცა ამ სტატიაში ვეცადე, თავი მომეყარა ყველაზე პრობლემური და თვალსაჩინო პროექტებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში თბილისში დამტკიცდა და რომლებიც ყველაზე კარგად აღწერს ამ სფეროში დაგროვებულ სისტემურ პრობლემებს.
1. ლაგუნა ვერე და აბრეშუმის ფაბრიკა, ორი 50-სართულიანი ცათამბჯენი

გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებული 42,400 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება, ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდმა შპს ნეო სითი დეველოპმენტს 85 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ტერიტორია მოიცავს ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ქარხანას, სადაც 2023 წლის 25 აგვისტოს თბილისის საკრებულომ 52 და 40-სართულიანი ორი ცათამბჯენის პროექტი დაამტკიცა.
ბუნებრივია, პროექტის დამტკიცებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, რადგან პროექტი სხვადასხვა მიმართულებით ბევრ პრობლემას მოიცავს. პირველი და ყველაზე აღქმადი არის პროექტის ვიზუალური მხარე - ასეთი მოცულობის და სიმაღლის შენობა დაფარავს მთაწმინდის ფერდის ხედს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს თბილისის ისტორიულ ლანდშაფტს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ფაქტორი ამ მშენებლობის ირგვლივ არის მისი სატრანსპორტო ნაწილი, ვინაიდან ეს ტერიტორია თბილისის ერთ-ერთ მთავარ და ყველაზე პრობლემურ სატრანსპორტო კვანძზე, გმირთა მოედანზე მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე დამატებით 150 000 კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის მშენებლობა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ამ სივრცისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება და ქალაქში გადაადგილებას კიდევ უფრო მეტად გაუსაძლისს გახდის.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის მიერ ამ ტერიტორიის გასხვისების პარალელურად, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის და ქონების ხარჯზე მოწესრიგდა ირგვლივ არსებული ტერიტორია - თბილისის მერიამ გაიტანა იქ არსებული ბენზინგასამართი სადგურები და გზის საავტომობილო ნაწილი გააფართოვა, რაც დეველოპერის ინტერესების თბილისელების ფულით დაკმაყოფილება უფრო იყო, ვიდრე ქალაქისთვის გაკეთებული საქმე.
გარდა ამისა, ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის დროს ყველაზე მეტად დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალმოვარდნის დროს. მეტიც, პროექტის განხორციელება იგეგმება კოლექტორში მოქცეული ორი მდინარის მიმდებარედ, რაც სპეციალისტების შეფასებით, ამ ტერიტორიას განსაკუთრებული რისკის ზონად აქცევს.
2. "ფიზკულტურის ინსტიტუტის" ადგილზე დაგეგმილი 180 მეტრიანი ცათამბჯენის პროექტი

ნოშრევან ნამორაძის კომპანია VR Holding-ის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის 49-ში, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, თბილისში ყველაზე მაღალი შენობა აშენდება. ტერიტორიის ჯამური ფართობია 18,664 კვადრატული მეტრი. აღსანიშნავია, რომ ეს მშენებლობა ხორციელდება ყოფილი “ფიზკულტურის ინსტიტუტის” ტერიტორიაზე, რომელიც მთავრობამ 11 მილიონ ლარად გაყიდა აუქციონზე იმ პირობით, რომ ინვესტორი სპორტის უნივერსიტეტის ახალი შენობის აშენებისათვის რამდენიმე მილიონი ლარის დახარჯვის ვალდებულებას იღებდა. თუმცა, ბოლო ცვლილებების თანახმად, ამ ტერიტორიის ნაწილზე სპორტის უნივერსიტეტი საერთოდ აღარ აშენდება და ის მთლიანად სხვა ტერიტორიაზე განთავსდება.
პროექტი პრობლემურია რამდენიმე მიმართულებით, თუმცა, ყველაზე მწვავე პრობლემად შეგვიძლია, მისი სატრანსპორტო ნაწილი მივიჩნიოთ. ამ პროექტის განვითარება იგეგმება ვაკის რაიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძზე, სადაც დამატებით ახალი საავტომობილო ნაკადების მიზიდვა ხელს შეუწყობს სატრანსპორტო კოლაფსის ჩამოყალიბებას.
გარდა ამისა, სპეციალურად ამ პროექტისათვის, თბილისის მერიამ აუქციონზე გამოიტანა ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული ტროტუარის ნაწილი, სადაც აღნიშნულ ცათამბჯენზე მისასვლელი უნდა მოწყოს. ბუნებრივია, ტროტუარის ეს ნაწილი აუქციონზე ისევ ნამორაძის კომპანიამ იყიდა. ქვეითთა ტროტუარის ნაწილის გაყიდვა თავისთავად კარგად აჩვენებს, რომ ფეხით მოსიარულე მოსახლეობის ინტერესები აღნიშნული ხელმძღვანელობისთვის საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი.
3. ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაგეგმილი ახალი ბეტონის ჯუნგლები - ჯამში 530 000 კვ.მ
ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე ფაქტობრივად ახალი ქალაქის გაშენება იგეგმება - განთავსდება ათობით ცათამბჯენი, რომელთაგან ყველაზე მაღალი 44-სართულიანი იქნება. პროექტის ჯამური მოცულობა 445 000 კვადრატულ მეტრს აღემატება და 51 შენობას აერთიანებს, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 154 მეტრია.
თავდაპირველად, ტერიტორია პარლამენტარ ნინო წილოსანის ოჯახის წევრების კომპანიებს - ვილსონ გარდენს, შპს იუ ეს თრეიდინგ კომპანის და სს ფროფგრუპს - ეკუთვნოდა, ხოლო 2025 წლის 19 აპრილს გაირკვა, რომ ამ ადგილის ახალი მფლობელი კახა კალაძესთან დაკავშირებული არქი ჯგუფის დამფუძნებელი ილია წულაიაა. სწორედ წულიას შპს დადიანი ინვესტი განახორციელებს ამ ტერიტორიაზე 250 მილიონ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს.

ამ პროექტის განვითარება პირდაპირ ეწინააღმდეგება თბილისის გენგეგმის მეოთხე მუხლის ე ქვეპუნქტში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი საწარმოო ტერიტორიების (ე.წ. brownfield) განვითარებისას მათთვის "სარეკრეაციო და მწვანე ფუნქციის პრიორიტეტიზაცია" უნდა მოხდეს.
პროექტის კიდევ ერთი ძირითადი პრობლემა მისი სატრანსპორტო ნაწილია. მშენებლობა იგეგმება ისეთ სივრცეში, სადაც საგზაო კავშირების დეფიციტი მძიმე სატრანსპორტო პრობლემას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტით გათვალისწინებულია გორის ქუჩის მხრიდან ახალი საგზაო კავშირის მშენებლობა, მისი განხორციელება პროექტის თითქმის ნახევრის განაშენიანების შემდეგ დაიწყება, რაც ადგილზე სატრანსპორტო კოლაფსის წინაპირობას ქმნის.
4. შვიდი ცათამბჯენი ყოფილი იპოდრომის ტყის ადგილზე
ძმები ფხაკაძეების კომპანია იპოდრომის მიმდებარედ 7 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს - მაქსიმალური სიმაღლე 79 სართული იქნება. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა ქართუ ფონდმა იპოდრომთან, თამარაშვილის ქუჩაზე არსებული 80,145 მ²-ის ტერიტორია 80 მილიონ დოლარად ცენტრალ პარკ ავენიუს მიჰყიდა, რომელიც ბიზნესმენი ძმები ფხაკაძეების კომპანიაა.
აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიის განვითარება იგეგმება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელზეც ფაქტობრივი ტყეა და რომელიც ქალაქის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე სივრცეა. ამ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის შედეგად განადგურდება მრავალწლიანი ნარგავები და უნიკალური გარემო. ამასთანავე, თითქმის ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობა დაგეგმილია ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრობლემურ სატრანსპორტო კვანძზე - ე.წ. ვაკე-საბურთალოს გზაზე, სადაც ბოლო წლებში ძალიან დიდი მოცულობის სამშენებლო პროექტების ნებართვები გაიცა. ეს ქალაქში არსებულ მწვავე სატრანსპორტო პრობლემებს კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს.
ამ პროექტის დამტკიცებისთანავე, საკრებულოს რამდენიმე წევრმა შევიტანეთ სარჩელი საქალაქო სასამართლოში, რომლითაც ვითხოვთ პროექტის გაუქმებას. თუმცა, თითქმის ერთი წლის თავზე, საქმის არსებითი განხილვაც კი არ მომხდარა.

5. დიდ დიღომში, 750,000 კვ.მ ტერიტორიაზე დაგეგმილი ახალი უბანი;
თბილისში მიმდინარე ურბანული გენოციდი განსაკუთრებით მძიმედ აისახა დიდი დიღმის ტერიტორიაზე, სადაც ბოლო 8 წელში განსაკუთრებით მასშტაბური მოცულობის პროექტები ხორციელდება. ამან უკვე მნიშვნელოვნად გააუარესა დიდ დიღომში ცხოვრების ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია აქტიურად ვითარდება, ადგილზე საჯარო სკოლების და ბაგა-ბაღების მნიშვნელოვანი დეფიციტია. ამასთანავე, დიდ დიღომში განსაკუთრებით მწვავედ დგას სარეკრეაციო სივრცეების პრობლემა და იქ არსებული გაუნაშენიანებელი სივრცეების ათვისება ძირითადად ისევ კორპუსების მშენებლობისათვის ხდება.
ამ ყველაფრის მიუხედავად, კახა კალაძემ ერთ პროექტში 30-ზე მეტი, 12 და 21-სართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვა გასცა.

6. სანაპიროზე, ყოფილი რესტორანი არაგვის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა
ტერიტორია, რომელზეც ყოფილი რესტორანი არაგვი მდებარეობს, რამდენიმე წლის წინ ეროვნულმა ბანკმა შეიძინა, სადაც მისი სათაო ოფისი უნდა განთავსებულიყო. თუმცა, რამდენიმე საეჭვო ტრანზაქციის მიუხედავად, ეროვნულმა ბანკმა კვლავ გაასხვისა ტერიტორია და იქ ახლა მასშტაბური მშენებლობა იგეგმება.
კერძოდ, სანაპიროზე არსებული 58, 859 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე დაგეგმილია 187,550 კვადრატული მეტრის მოცულობის რამდენიმე ცათამბჯენის მშენებლობა. გარდა ამ პროექტის ისტორიულ ქალაქთან ღია შეუსაბამობისა, რომელიც მთაწმინდის ფერდის ვიზუალური აღქმის დამახინჯებას უკვშირდება, ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად აზიანებს მარჯვენა სანაპიროს სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ქალაქის შიდა ქუჩებისგან განსხვავებით, თბილისის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები არის სატრანზიტო ფუნქციის მქონე მაგისტრალები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიას ერთმანეთთან აკავშირებს და სწრაფი და ეფექტიანი გადაადგილების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. თუმცა, დიდი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული ობიექტები გაზრდის ამ ტერიტორიაზე კერძო ტრანსპორტის ნაკადებს, რაც სანაპიროზე მოძრაობის გადატვირთვას და გაუარესებას შეუწყობს ხელს.

7. ტვერელის ეკლესიის წინ აშენებული კორპუსი
ტვერელის ეკლესია MK დეველოპმენტის მიერ აშენებულმა კორპუსმა დაფარა. ამ კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსებში უძრავი ქონება მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის ოჯახის წევრებმა საბაზროზე რამდენჯერმე ნაკლებ ფასად შეიძინეს, რაც პირდაპირ მიანიშნებს სავარაუდო კორუფციაზე.
კუჭავას (MK დეველოპმენტი) კომპანიამ მთაწმინდაზე მშენებლობის პროექტი თბილისის მერიაში 2017 წლის სექტემბერში წარადგინა შესათანხმებლად და მალევე მშენებლობის კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა, რაც მერიამ არ დაუკმაყოფილა. 2017 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მერად კახა კალაძე აირჩიეს, მის მოადგილედ კი ირაკლი ბენდელიანი დაინიშნა. 2018 წლის ოქტომბერში MK დეველოპმენტმა მშენებლობის ნებართვა მოიპოვა, რომლის მიხედვითაც კომპანიას მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში უნდა დაესრულებინა, რაც ვერ შეძლო. ვადის რამდენჯერმე გახანგრძლივებასთან ერთად, მერიამ დეველოპერს სამართალდარღვევის ლეგალიზების საშუალება მისცა და ის მხოლოდ 10 000 ლარით დააარიმა.
ჯარიმის და თვითნებური მშენებლობის ლეგალიზების გარდა, თბილისის მერიამ კომპანიას პროექტის იმ ფორმით ცვლილების შესაძლებლობა მისცა, რომ საცხოვრებელი ფართობი 664 კვ.მ-ით გაიზარდა, ხოლო ავტოსადგომის ფართობი 200 კვადრატული მეტრით შემცირდა, რის შედეგადაც დეველოპერმა რამდენიმე მილიონი ლარის დამატებით შემოსავალი მიიღო. საბოლოოდ, პროექტი თავდაპირველად დამტკიცებულ ვერსიასთან შედარებით მნიშვნელოვნად შეიცვალა და იმ ფორმით ჩამოყალიბდა, რომელიც მისგან რამდენიმე მეტრში მდებარე ძეგლს მნიშვნელოვნად ფარავს.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მიმდინარე მშენებლობებს შესაბამისი თანხმობა ესაჭიროებათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან, რომელზეც ეს უფლებამოსილება უკვე მრავალი წელია, კულტურის სამინისტროსგან არის დელეგირებული. სამწუხაროდ, ამ საბჭოში არსებული ხმები იმგვარად არის განაწილებული, რომ გადაწყვეტილებები უმეტეს შემთხვევაში ქალაქის ისტორიული ნაწილის ინტერესების ნაცვლად, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღება და სრულ თანხვედრაშია თბილისის მერიის ინტერესებთან.
8. წერეთელზე, ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტი;
2025 წელს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეს ახალი მესაკუთრეები გამოუჩნდნენ. სწორედ ამას უკავშირდებოდა საქართველოს მთავრობის მიერ საგამოფენო სივრცისათვის დაწესებული ფუნქციური შეზღუდვის მოხსნა, რაც უკვე ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
ამჟამად, თბილისის მერიაში განიხილება 262,756 კვადრატული მეტრის მოცულობის სამშენებლო პროექტი, რომელიც 5 მაღალსართულიანი შენობის მშენებლობას გულისხმობს იმ ტერიტორიაზე, რომლის უდიდესი ნაწილიც დღემდე სარეკრეაციო ფუნქციით გამოიყენება.

ამ ტერიტორიაზე 250 000 კვადრატული მეტრის მოცულობის ახალი კომპლექსის მშენებლობა მხოლოდ გააღრმავებს იმ ეკოლოგიურ და სატრანსპორტო პრობლემებს, რომელიც დიდუბის მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ირგვლივ ჩამოყალიბებული საწარმოო ტერიტორიის გადატანის პერსპექტივა ფაქტობრივად წარსულს ჩაბარდა, რადგან ელიავას ბაზრობის გადატანის დაპირება ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან დიდი ხანია, აღარც კი ისმის.
სამწუხაროდ, უკანასაკნელი 30 წლის განმავლობაში თბილისმა გამოუსწორებელი ზიანი მიიღო. თუმცა, ქალაქისთვის მიყენებული ზიანის მცირედით გამოსწორებისთვის და გადარჩენილი ნაწილის სწორად განვითარებისთვის აუცილებელია დრო და ისეთი ნაბიჯები, რომელიც სწორ ურბანულ და სატრანსპორტო პრინციპებზეა დაფუძნებული.
შესაბამისად, აუცილებლად მიმაჩნია შემდეგი ტიპის ღონისძიებების გატარება:
- თბილისის მერიის და საკრებულოს მიერ დამტკიცებული კატასტროფული პროექტების გაუქმება/შეჩერება;
- ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბანში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადება;
- თბილისის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება და სამშენებლო რეგულაციების იმ ფორმით ცვლილება, რომელიც გენგეგმაში გაკეთებული ჩანაწერების არასისტემურ ცვლილებას გაართულებს;
- სუბ-ურბანული განვითარების მაქსიმალური შეზღუდვა და მანქანაზე დამოკიდებული უბნების განვითარების შენელება;
- ქალაქის ისტორიული ნაწილის დაცვის სისტემის სრული ცვლილება და “ისტორიული საბჭოს” იმ ფორმით ჩამოყალიბება, რომელიც მის ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს;
- სამშენებლო სამართალდარღვევებზე რეაგირების სისტემის ცვლილება და საჯარიმო პოლიტიკის იმ ფორმით გამკაცრება, რომელიც დამტკიცებული პროექტის კანონდარღვევით ცვლილებაზე რეაგირებას გაამკაცრებს;
- სამშენებლო პროექტების დამტკიცებისათვის აუცილებელი კვლევების სტანდარტის გაუმჯობესება, მათ შორის სატრანსპორტო კვლევებისთვის აუცილებელი მოთხოვნების განსაზღვრა;






