ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში განაცხადა, რომ "ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი", ისეთ ევროკავშირის წევრობა, რომლებიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც "თავის დროზე დაეფუძნა".
"ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ და როდესაც ასეთ ევროკავშირს გამადლის გერმანიის ელჩი, ეს ვერავითარ გამართლებას ვერ დაექვემდებარება. ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი და ვერ დაგვამადლის ვერავინ ასეთ ევროკავშირს, სადაც ძაღლებით უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს.
[...] ჩვენ გვინდა ისეთ ევროკავშირის წევრობა, რომლებიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა. 40-იან წლებამდე ევროპისთვის უცხო იყო ის ღირებულებები, რომლებმაც ფესვი მოიკიდა ძირითადად 1949 წლიდან. მანამდე ევროპა იყო გამუდმებული ომების სივრცე, აქ არ იყო დამკვიდრებული ადამიანის უფლებები სისტემური სახით, სერიოზული პრობლემები იყო ადამიანის უფლებების სახით ევროპაში ტრადიციულად, მანამდე საერთოდ ინკვიზიცია, კოცონზე ადამიანების დაწვა, მეცნიერების დაწვა კოცონზე და ა.შ. და ათასი უბედურება. ამიტომ, უნდა გავიხსენოთ, რომ ის ღირებულებები, რომლებიც დამკვიდრდა ევროპაში, მაინცდამაინც ძველი არ არის. ამიტომ, უნდა შევახსენოთ ევროპელ ბიუროკრატებს, რომ იმის დაკარგვა, რასაც აქვს მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის ისტორია, მარტივად შეიძლება". - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა TV პირველთან საუბარში თქვა, რომ "კობახიძემ ევროკავშირის ლიდერებისადმი ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელიც ასეთი შინაარსისაა: ქართველები ვართ ნამდვილი ევროპელები, ხოლო თქვენ ყველანი ცუდები ხართ და უკან მიდიხართო.
"ასე ევროკავშირში ნამდვილად ვერ შეხვალთ. შეგიძლიათ, ეს რჩევა მიიღოთ ჩემგან, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩისგან". - თქვა ფიშერმა.
ამასთან ერთად, კობახიძის განცხადებით, გერმანიის ელჩი "საერთოდ არ არის ევროპელი ევროპელი ღირებულებითი თვალსაზრისით" და ასევე არ არის ევროპელი ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც.
"ჩვენ არსად არ გვითქვამს, რომ მარტო ჩვენ ვართ ევროპელები. ასეთი აბსურდი შეიძლება ახასიათებდეს გერმანიის ელჩს, მაგრამ ჩვენ ასეთი განცხადებები არ გვახასიათებს. ერთი რამ უნდა შევახსენოთ ბატონ ფიშერს, რომ ჩვენც ვართ ევროპლები და ჩვენსვის არის ღირებული ის პრინციპები, ფასეულობები, რომლებსაც დაეფუძნა ევროკავშირი, განსხვავებით ბატონი ფიშერისგან, რომელიც ვერ ბედავს, შეფასება მისცეს იმას, რაც მოხდა დანიაში. ჩვენთვის, შესაბამისად, კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი, ეს არ ნიშნავს რაღაც გეოგრაფიულ კუთვნილებას.
ჩვენთვის ბატონი ფიშერი არ არის ევროპელი ღირებულებითი თვალსაზრისით, არც ბატონი ჰერჩინსკი არ არის ჩვენთვის ევროპელი ღირებულებითი თვალსაზრისით. გეოგრაფიულად მიეკუთვნებიან ევროპას, მაგრამ ღირებულებითი თვალსაზრისით არ არიან თავსებადი იმ ყველაფერთან, რასაც მოიაზრებს ევროკავშირი". - თქვა კობახიძემ.




