ურბანული პოლიტიკა

მარჯვენა სანაპიროს განაშენიანების ტენდენციები, ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა – კვლევა

"როგორი იქნება თბილისი 3-4 წელში? ფოტოებზე ხედავთ პოტენციურ განაშენიანებას, რაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იგეგმება"    
ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation / Facebook 

ურბანული კვლევების ცენტრმა (URC) გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც თბილისში ურბანული პოლიტიკის გამოწვევებს ეხება. 

ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევა შეისწავლის პრობლემურ პროექტებს თამარ მეფის ხიდიდან რესპუბლიკის მოედნისა და ყოფილი საქანელას ქუჩის არეალში, ხაზს უსვამს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს განაშენიანების ტენდენციებს და მათ გავლენას ურბანულ მემკვიდრეობაზე, მიწათსარგებლობასა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე.

კვლევის თანახმად, შესწავლილ 16 პრობლემურ პროექტს შორის არის "მრავალფუნქციური კომპლექსი საცურაო აუზ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ, მრავალფუნქციური კომპლექსი საქანელას ქუჩის არეალში, მრავალფუნქციური კომპლექსი ყოფილი რესტორან არაგვის არეალში და ქიაჩელის ქუჩასა და მის ძირში, სანაპიროს გასწვრივ მოაზრებული პროექტები".

კვლევის ავტორების თქმით, შესწავლილი პროექტები საფრთხეს უქმნიან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ ფასეულობებს.

"საქანელას ქუჩის არეალში დაგეგმილი პროექტი სრულიად შლის აღნიშნული ქუჩის კვალს, სისტემური ხასიათი აქვს ქიაჩელის ქუჩასა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის მოქცეული ისტორიულად გაუნაშენიანებელი, მწვანე არეალის ათვისებასაც". - წერია კვლევის ანგარიშში.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ განხილული პროექტების დიდი ნაწილი უარყოფით გავლენას ახდენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, მაშინ, როცა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონებში იკრძალება ისეთი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან საფრთხეს შეუქმნის ძეგლს.

"როგორი იქნება თბილისი 3-4 წელში? ფოტოებზე ხედავთ პოტენციურ განაშენიანებას, რაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იგეგმება" - ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation / Facebook 

"განსაკუთრებით საყურადღებოა გავლენა თბილისის ისეთ ორიენტირებზე, როგორებიც არის "ლურჯი მონასტერი", წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია და ცირკის შენობა. შესწავლილ პროექტებს შორის ხშირია ლანდშაფტში უხეში ჩარევისა და მწვანე სივრცითი პაუზების ამოვსების შემთხვევები. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სანაპიროზე, ყოფილი რესტორან "არაგვის" არეალში მოაზრებული განაშენიანება". - წერია დოკუმენტში.

კვლევაში განხილულია შესწავლილი პროექტების გავლენა განაშენიანების სიმჭიდროვის ზრდაზე, რაც, კვლევის ავტორების მტკიცებით, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ურბანული მემკვიდრეობის დაცვას, არამედ სატრანსპორტო უზრუნველყოფასაც.

მკვლევარების აზრით, მიუხედავად მერიის მიერ ჩატარებული სატრანსპორტო რეფორმისა, თბილისის მიწათსარგებლობის და განაშენიანების პოლიტიკა დასახულ მიზანს არ პასუხობს და რეფორმის წარუმატებლობის რისკებს ქმნის. კვლევაში ხაზგასმულია, რომ ტრანსპორტზე ზეგავლენის შეფასების (ტზშ) არსებული ინსტრუმენტი გაუმართავია და გამოწვევებს ვერ უმკლავდება.

"როგორი იქნება თბილისი 3-4 წელში? ფოტოებზე ხედავთ პოტენციურ განაშენიანებას, რაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იგეგმება" - ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation / Facebook 

"თბილისს არ აქვს შემუშავებული და დამტკიცებული ტზშ-ს მომზადების სრულფასოვანი მეთოდოლოგია და არ არსებობს ან ნაკლულია ის მონაცემები, რომელსაც ტზშ უნდა ეყრდნობოდეს სრულფასოვანი პროგნოზის გაკეთებისას" - წერია კვლევაში.

კვლევის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ისტორიული ნაწილის მიმდებარედ სატრანსპორტო სისტემა გადატვირთულია, ქალაქი მაინც უშვებს მანქანაზე დამოკიდებული გაუნაშენიანებელი ტერიტორიის მასშტაბურ განაშენიანებას და არსებული განაშენიანების მუდმივ გამჭიდროებას ზეგავლენის შეფასებისა და მაკომპენსირებელი ღონისძიებების გარეშე.

კომენტარები