დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მამამ, კახა წიქარიშვილმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენაციასთან ერთკაციანი აქცია გამართა.
წიქარიშვილმა ივანიშვილს სიტვით მიმართა და თქვა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, გააკეთოს ყველაფერი ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად, რასაც არ აკეთებს.
წიქარიშვილის თქმით, მომავალში მშობლები ივანიშვილის რეზიდენციასთან ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს ერთკაციან აქციას გამართავენ.
"მინდა, მივმართო ბატონ ბიძინა ივანიშვილის, ახლა ვარ მის რეზიდენციასთან. ჩვენ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა გადავწყვიტეთ, რომ ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს აქ ჩავატაროთ აქცია. გამომდინარე იქიდან, რომ შსს-მ გვითხრა, რომ აქ შეკრება არ არის მიზანშეწონილი, რადგან აქ ხალხი ცხოვრობს, მუშაობს და გადაადგილდება. მე მაინტერესებს, აქ, ამ ადგილას, ვინ ცხოვრობს, ვინ მუშაობს და ვინ გადაადგილდება, ვისაც ხელს შეუშლის გამწარებული მშობლების მიერ წამლის მოთხოვნა, მაინტერესებს თუ ხართ აქ ვინმე ადამიანი, ვისაც ხელი გეშლებათ, რადგან მშობლები ვითხოვთ წამალს ჩვენი შვილებისთვის. [...] როგორც ვხედავთ აქ არავინ ცხოვრობს, მუშაობს და გადაადგილდება, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, რომელიც დღეს ალბათ არც არის რეზიდენციაში, მაგრამ ჩვენ მაინც მივმართავთ მას და მოვალთ ხოლმე აქ ერთკაციანი აქციის ჩასატარებლად.
ბატონო ბიძინა, 2012 წელს შეგვპირდით, რომ აღადგენდით სამართლიანობას, ასევე შეგვპირდით, რომ მეტი სიცოცხლე იქნებოდა ამ ქალაქში. ახლა არის 2026 წელი და ჩვენ არ გვაქვს არც მეტი სამართალი და არც მეტი სიცოცხლე, რადგან ჩვენი ბავშვების სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ და მათი სიცოცხლის უფლება ირღვევა. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ყველაფერი გააკეთოს ჩვენი ბავშვების დასახმარებლად და ამას არ აკეთებს.
უკვე 30-ე დღეა ვართ კანცელარიის წინ და არ გვაძლევენ კარვის შეტანის, პუფის შეტანის უფლებას ღია სკვერში. 2012 წლამდე კარვები იყო გაშლილი რუსთაველზე თვეების განმავლობაში, ახლა კარვების შეტანის უფლებას არ გვაძლევენ ღია სკვერში. ჩვენ გამოვიდეთ და სისხლიანი 9 წლის დაბრუნება ვითხოვოთ თუ რა გავაკეთოთ. დაგვიბრუნეთ სისხლიანი 9 წელი, რადგან მაშინ კარვების გაშლის უფლება მაინც გვქონდა". - თქვა წიქარიშვილმა.
-
კობახიძე დიუშენზე: ხალხის ფულის თითოეული თეთრი რაციონალურად უნდა დავხარჯოთ
-
არ არის აუცილებლობა საპროტესტო აქციების წარმართვის - სარჯველაძე დიუშენზე
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების ატროფიით (განლევით) და სისუსტით გამოიხატება. ორგანიზაციის "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" ცნობით, საქართველოში საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. სათანადო მედიკამენტების და მკურნალობის არარსებობის გამო საქართველოში ყოველწლიურად ამ დაავადებით 1, 2 ან 3 ბავშვი იღუპება.
ორგანიზაცია ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას თავმჯდომარე, ზაქარია გვიშიანი ამბობს, რომ მედიკამენტებს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მხარე გავლილი აქვს და არსებობს მაგალითები, ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც ეს მედიკამენტები ევროპაში მიიღეს და თავს ძალიან კარგად გრძნობენ.
რამდენიმე თვეა, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები წამლის მოთხოვნით აქციებს მართავენ, ისინი ღამეებს ივანიშვილის მთავრობის კანცელარიასთან ათევენ.




