გელა ხასაიას საქმე

არც ვიცით ბრალში რა წერია და არც ის, რა ჩვენებას აძლევენ მოწმეები – ადვოკატი ხასაიაზე

გირჩი - მეტი თავისუფლების წევრის, გელა ხასაიას ადვოკატის ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. გარდა ამისა, პროკურატურას ბრალდება მისთვის არ წარუდგენია, შესაბამისად, საქმის მასალები დაცვის მხარესთვის არ გადაუციათ. 

"გელა ხასაია უარყოფს დანაშაულის ჩადენას. საერთოდ ვინმეზე ძალადობას უარყოფს. დეტალურად საქმის მასალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ შემიძლია, ვინაიდან ბრალდების მხარეს ჯერ არ გადმოუცია ჩვენთვის საქმის მასალები. ჩვენ ვნახეთ, მხოლოდ და მხოლოდ მედიაში გავრცელებული შსს-ს განცხადების მოკლე შინაარსი, რომ თითქოს შსს რაღაცას ადასტურებს. თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს სურს, რომ რაღაცებზე ადეკვატურად პასუხი გავცეთ, პირველ რიგში უნდა გადმოგვცენ მასალები. ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დათქმა. ჩვენ არც ვიცით ბრალში რა წერია და არც ის, რა ჩვენებას აძლევენ მოწმეები.

შესაბამისად, როდესაც დაცვის მხარემ ეს საკითხები არ იცის, ამ პირობებში, კულუარულად განცხადებების გავრცელებას ურჩევნიათ, რომ ბრალდების მხარემ უზრუნველყოს დაცვის მხარისთვის საქმის მასალების გაცვლა". - ამბობს ჩომახაშვილი TV პირველის ეთერში.

მისივე თქმით, თუ სიმართლის გარკვევა სურდათ, შეეძლოთ გელა ხასაია გამოკითხვაზე დაებარებინათ და არა გადაუდებელი აუცილებლობით დაეკავებინათ.

"ცრუ ბრალდებების დაბრალება არის კიდევ უფრო დიდი დანაშაული საზოგადოების წინაშე. ჩვენ გამოვრიცხავთ ყველანაირ ბრალდებას, ყვენაიარ ძალადობას გელა ხასაიას მხირდან. ამიტომ დაველოდებით საქმის მასალების გადმოცემას". - თქვა ჩომახაშვილმა. 

29 სექტემბრის გვიან საღამოს გირჩი მეტი თავისუფლების წევრი, გელა ხასაია დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარტია გირჩი მეტი თავისუფლების წევრი გელა ხასაია და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

მუხლი 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

ხასაიას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე ვარაუდობდა, რომ საქმე ეხება 1 სექტემბერს, სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელსაც გელა ხასაია შეესწრო. ფურცელაძე ხაზგასმით ამბობდა, რომ სიტყვიერი დაპირისპირება ხასაიასთვის უცნობ პირებს შორის მოხდა.

კომენტარები