კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველო მათი მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნას გამოეხმაურა.
მათი შეფასებით, მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა, რადგან ქართული ოცნება ხედავს საფრთხეს. თბილისის მერობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ამ მოსყიდვებსა და ძალადობაზე პასუხისმგებელი არის კახა კალაძე.
"ცხადია, რომ კახა კალაძე არა მხოლოდ როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, არამედ ქართული ოცნების გენერალური მდივანი, რომელიც მისივე პარტიის წესდების მიხედვით არის პასუხისმგებელი ყოველდღიურ, ყოფით, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ნაბიჯებზე, ის არის პასუხისმგებელი იმ მოსყიდვაზე და ძალადობაზე, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მას ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ძალადობაზე, მუქარაზე, კანონიერი ქურდების, შავი სამყაროს, კრიმინალების ჩართულობაზე ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ ბრძოლაში." - განაცხადა კუპრაძემ.
ბრიფინგზე ასევე წარმოადგინეს სატელეფონო ზარის ჩანაწერი, სადაც ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი, კარა ორუჯევი საუბრობს იმაზე, თუ რატომ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.
"მე ჩემმა ბიჭებმა გამიკეთეს ეს ამბავი, მე უკვე მრცხვენია შენთან მოსვლის... იქ დიდი ბიზნესმენები არიან, ქურდები. მე ეგენი არ მაინტერესებს, შვილი მუშაობს... ის (ძმის შვილი) მუშაობდა მაგათთან. ჩემი ნათესავი (ძმის შვილი) მაგათთან სპორტ დარბაზში მუშაობდა. მაშინ მაგათმა (ბიზნესმენებმა) 100 000 ლარის, 100 000 მეტის იყო, ინვენტარი მისცეს სპორტული დარბაზისთვის. გეფიცები. მერე მითხრეს, 70 წლის ხომ არ ვარ, ახალგაზრდა ვარ, მითხრეს ყველგან იმუშავებ, სადაც ხარ და მეტიც, მერე გამიმეორეს, რაც მანამდე მითხრეს, 4-ის მერე ახალი არჩევნები დაინიშნება, მარტში იქნება საპარლამენტო და იქაც დაინიშნებიო... მე მას ვუთხარი, ყველას პატივს გცემთ, მაგრამ ცხოვრებისეულად ცუდი სახელი გამიკეთეთ... და ამის მერე გამაკეთებინეს განცხადება." - ამბობს კარა ორუჯევი.
ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა მსგავსი ხერხებით აიძულეს მათ კანდიდატებს მოეხსნათ კანდიდატურები. ის მოუწოდებს პროკურატურას, რომ გამოიძიოს საქმე.
"ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა შემთხვევა, რომელზეც კონკრეტული მტკიცებულებები ჯერ-ჯერობით არ გვაქვს, მაგრამ კონკრეტული ამბები, მთელი საქართველოს მასშტაბით, არა იზოლირებულად მარნეულში ან ბოლნისში, არამედ იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში, ყველგან ერთი და იგივე ხელწერა, ერთი და იგივე მიდგომა, კუნთმაგარი ძალოვანები, სუსის წარმომადგენლები, კრიმინალური სამყაროს და ორგანიზებული დანაშაულის სამყაროს წევრები როგორ მიდიან ადამიანებთან, მათ ოჯახის წევრებთან, აშინებენ და ამ შიშის საფუძველზე უნდათ, რომ მათ კანდიდატურები მოხსნან. მე მოვუწოდებ საქართველოს პროკურატურას - არავის არ ჯერა თქვენი გამოძიებების, მაგრამ დაკითხეთ ეს კაცი. დაკითხეთ, გამოკითხეთ და თქვენ თვითონ გაარკვიეთ, რაზეა აქ ლაპარაკი." - თქვა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, 25 სექტემბერს ლელოს ყულარის, პირველი ქესალოს, ყიზილაჯლოს და ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატებმა კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნეს.





