ლელოს ყულარის, პირველი ქესალოს, ყიზილაჯლოს და ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატებმა კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნეს.
ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში.
მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ იცის, რომ ბევრგან წააგებენ და სადაც გრძნობენ საფრთხე იქ ახდენენ ზეწოლას კანდიდატებზე.
"გრძნობენ, რომ ბევრგან წააგებენ. მართლა. სადაც გრძნობენ, რომ აქვთ საფრთხე იქ, მარნეულში, ბოლნისში, აგერ ზესტაფონში... ზესტაფონში დანამდვილებით ვიცი, ველაპარაკე ახლა მე შტაბს გზაში ვიყავი, კრიმინალებმა, ჯერ იმათი ქურდობა რა ვთქვი მე, სუსი რომ გიბარებს და რომ ეუბნები, რომ წადი კანდიდატი "დააკაჩავეო," ჯერ ეგენი ქურდები და კრიმინალები კი არა ბ-ზე იწყება და ი-თ მთავრდება მაგათი სახელი, ვინც არიან... კრიმინალებმა "დააკაჩავეს" ზესტაფონში ჩვენი კანდიდატი. მართლა ცუდად გახდა მერე, ჯანმრთელობის თვალსაზრისით და მერე კი თქვა, რომ ჯანმრთელობის გამო ვხსნიო კანდიდატურას. [...]
მარნეულში სამი მაჟორიტარი დღეს გამოვიდა და მთელი დღე ვერ ვუკავშირდებოდით. გვქონდა ინფორმაცია, რომ უბრალოდ გაქრნენ რამდენიმე დღე. ხაზზე არ გამოდიოდნენ. ვერ ვურეკავდი, ვერ ვუკავშირდებოდი დღეს და აგერ უცებ გამოაცხვეს, რომ ჩვენც ქართული ოცნების სასარგებლოდ ვტოვებთ." - განაცხადა ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში.
პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ კანდიდატების სახელები ბიულეტენში მაინც იქნება, რადგან ამოიწურა კანდიდატურის მოხსნის ვადა.
"სინამდვილეში ვერ მოხსნიან კანდიდატურებს იმიტომ, რომ ეს ვადა გავიდა. ვინც იძახის, რომ ოცნების სასარგებლოდ მოვხსენი კანდიდატურაო, ვერ მოხსნიან იმიტომ, რომ 18 სექტემბრამდე ჰქონდათ კანდიდატურების მოხსნის შესაძლებლობა. ისინი ბიულეტენებში დარჩებიან." - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
22 სექტემბერს ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნა ასევე საკუთარი კანდიდატურა ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატმა, ასაფ ჩირაგოვმა.





