თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატის მიერ კანდიდატურის მოხსნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ქართული ოცნება აძლიერებს მათ კანდიდატებზე ზეწოლას, შანტაჟს, მუქარასა და მოსყიდვის მცდელობებს.
"ბოლო კვირების განმავლობაში, გრძელდება განსაკუთრებული ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და მოსყიდვის მცდელობა კოალიცია ძლიერი საქართველო-ლელოს წინააღმდეგ. ჩვენი წარმომადგენლები, მხარდამჭერები, მაჟორიტარობის კანდიდატები, მერობის კანდიდატები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან უმძიმესი წნეხის ქვეშ სუს-ის და რუსული რეჟიმის ძალადობის მხრიდან. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში მამუკა მდინარაძე, სუსი, ივანიშვილი არიან დაინტერესებული, რომ მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს ძლიერ საქართველოზე, ლელოზე და მის წარმომადგენლებზე, მის კანდიდატებზე მთელი საქართველოს მასშტაბით."- თქვა კუპრაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატის ცნობით, ბოლნისის მერობის კანდიდატს, ასაფ ჩირაგოვს შესთავაზეს თანხის დასახელება კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ. მან უარი თქვა, თუმცა რამდენიმე დღეში მოხსნა კანდიდატურა. მათი ვარაუდით, ასაფ ჩირაგოვი დააშინეს.
"გუშინ პროპაგანდისტულმა ქართულმა ოცნებამ, რომლის ძირითადი პოლიტიკური აქტივობა დგას პროპაგანდაზე, გამოაქვეყნა სიახლე, რომ თითქოს ბოლნისის მერობის კანდიდატმა, ასაფ ჩირაგოვმა, მოხსნა კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ. ისტორია ძალიან მარტივია. ასაფ ჩირაგოვი იყო წლების განმავლობაში, ჩვენი პარტიის ლელო-ძლიერი საქართველოს წევრი. ის წლების განმავლობაში ბოლნისიდან დადიოდა საპროტესტო აქციებზე, მათ შორის ახერხებდა ადგილობრივი მოსახლეობის მუდმივ ჩამოყვანას, აქტიურობას, ჩართულობას საპროტესტო აქციებში. 4 დღის წინ ასაფ ჩირაგოვი დაუკავშირდა ჩვენს პარტიულ ორგანიზაციას, წარმომადგენლობას, შეგვხვდა და გადმოგვცა გზავნილი, რომ მასთან მისული იყო მისი ოჯახის წევრი, ახლობელი, უახლოესი ნათესავი, მოქმედი პოლიციელი, რომელმაც შესთავაზა მას თანხის დასახელება კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ. ასაფ ჩირაგოვის პასუხი იყო უარყოფითი.
მისი დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ იყო და, სავარაუდოდ, რჩება კრიტიკული. მას ქართული ოცნება მიაჩნია რუსულ რეჟიმად და გაგვაფრთხილა, რომ ქართული ოცნება ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის სხვა მუნიციპალიტეტებში აგრძელებს მოსყიდვის, მუქარისა და შანტაჟის მცდელობებს. 4 დღის შემდეგ ასაფ ჩირაგოვმა მოხსნა კანდიდატურა. ცხადია, რომ უნდა ვივარაუდოთ, რომ როცა არ იმუშავა მოსყიდვის მცდელობამ ასაფ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი ან შანტაჟის მცდელობა ასაფ ჩირაგოვის წინააღმდეგ. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ ზეწოლამ იმუშავა და უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონებში, განსაკუთრებულად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ზეწოლა, წნეხი, სუს-ის შანტაჟი არის ბევრად უფრო მძიმე." - განაცხადეს ბრიფინგზე.
ირაკლი კუპრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ელოდებიან პარტიის წარმომადგენლებსა და კანდიდატებზე ზეწოლის გაგრძელებას, თუმცა არ აპირებენ ბრძოლის შეწყვეტას არცერთი მიმართულებით.
გუშინ ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატმა, ასაფ ჩირაგოვმა საკუთარი კანდიდატურა ქართული ოცნების დასახელებული ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა.





