პროკურატურამ ლელოს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი, კარა ორუჯევი საუბრობს იმაზე, თუ რატომ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, გამოძიება დაიწყო.
როგორც ტაბულას პროკურატურაში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლით, რაც არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.
ლელომ ბრიფინგზე წარმოადგინა სატელეფონო ზარის ჩანაწერი, სადაც კარა ორუჯევი "დიდმა ბიზნესმენებმა, ქურდებმა" გააკეთებინეს განცხადება კანდიდატურის მოხსნის შესახებ.
"მე ჩემმა ბიჭებმა გამიკეთეს ეს ამბავი, მე უკვე მრცხვენია შენთან მოსვლის... იქ დიდი ბიზნესმენები არიან, ქურდები. მე ეგენი არ მაინტერესებს, შვილი მუშაობს... ის (ძმის შვილი) მუშაობდა მაგათთან. ჩემი ნათესავი (ძმის შვილი) მაგათთან სპორტ დარბაზში მუშაობდა. მაშინ მაგათმა (ბიზნესმენებმა) 100 000 ლარის, 100 000 მეტის იყო, ინვენტარი მისცეს სპორტული დარბაზისთვის. გეფიცები. მერე მითხრეს, 70 წლის ხომ არ ვარ, ახალგაზრდა ვარ, მითხრეს ყველგან იმუშავებ, სადაც ხარ და მეტიც, მერე გამიმეორეს, რაც მანამდე მითხრეს, 4-ის მერე ახალი არჩევნები დაინიშნება, მარტში იქნება საპარლამენტო და იქაც დაინიშნებიო... მე მას ვუთხარი, ყველას პატივს გცემთ, მაგრამ ცხოვრებისეულად ცუდი სახელი გამიკეთეთ... და ამის მერე გამაკეთებინეს განცხადება." - ამბობს კარა ორუჯევი.
ლელო-ძლიერი საქართველოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა მსგავსი ხერხებით აიძულეს მათ კანდიდატებს მოეხსნათ კანდიდატურები. ის მოუწოდებს პროკურატურას, რომ გამოიძიოს საქმე.





