ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატმა, ასაფ ჩირაგოვმა საკუთარი კანდიდატურა ქართული ოცნების დასახელებული ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა. პარტიაში ეს ქმედება დაშინებისა და ზეწოლის შედეგად შეაფასეს, ხოლო თვითონ ასაფ ჩირაგოვი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და არ ყოფილა არანაირი ზეწოლა.
"ზეწოლა არ იყო საერთოდ არაფერში. არავინ ამაში არ ჩარეულა, ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. საერთოდ არ მისაუბრია მაგაზე, არც პოლიციელი, არც სხვა ვიღაცები არ იყვნენ.
ირაკლი კუპრაძესთან არანაირი ურთიერთობა და კავშირი არ მაქვს, არასდროს არ გვქონია სატელეფონო კომუნიკაცია. ბოლნისში, სადაც გავიზარდე, მინდოდა იქ მემსახურა და მერე გავიგე, რომ ესენი სიმშიდის საწინააღმდეგო რამეს აპირებდნენ და მე არ მინდა, რომ ამის წევრი ვიყო" - თქვა ასაფ ჩირაგოვმა.
ლელო ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ " ცხადია, რომ უნდა ვივარაუდოთ, რომ როცა არ იმუშავა მოსყიდვის მცდელობამ ასაფ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი ან შანტაჟის მცდელობა ასაფ ჩირაგოვის წინააღმდეგ. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ ზეწოლამ იმუშავა და უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონებში, განსაკუთრებულად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ზეწოლა, წნეხი, სუს-ის შანტაჟი არის ბევრად უფრო მძიმე."
ლელოს ერთ-ერთი წევრი, ლანა გალდავა ბოლნისის პოლიციის შენობასთან იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ ასაფ ჩირაგოვს უკვე ორი დღეა ვერ უკავშირდებიან - "ჩვენ გვაქვს მცდელობები, უკვე მეორე დღეა, მასთან დავამყაროთ კონტაქტი, მაგრამ ვერ ვამყარებთ", ჩირაგოვმა კომენტარი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს რუსთავი 2-თან გააკეთა.





