მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი შედეგები ცნობილია. ჯერჯერობით უბნების მხოლოდ 32.81%-ია დათვლილი. ამჟამინდელი მონაცემებით, ლიდერობს პრეზიდენტ მაია სანდუს "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია (PAS)", ხმების დაახლოებით 40.92%-ით, მეორე ადგილზე კი პრორუსული პატრიოტული საარჩევნო ბლოკია," ხმების თითქმის 30.80%-ით.
მესამე ადგილზეა ალექსანდრ სტოიანოგლოს პარტია "ალტერნატივა," რომელსაც ხმების 7.46% აქვს. მას მოჰყვება მოლდოვის დემოკრატიული პარტია (PPDA), ხმების 7.24%-ით. ხოლო მეხუთე ადგილს, ხმების 6.55%-ით, "ჩვენი პარტია" იკავებს.
მოლდოვის საზღვრებს შიგნით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 28 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 52.04% იყო - რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე ხმა ჯამში 1 599 499 ადამიანმა მისცა.
ბოლო ოთხ საპარლამენტო არჩევნებიდან ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ხმის მიცემა გრძელდება უცხოეთში დიასპორისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე.
ამავდროულად, პრორუსულმა "პატრიოტულმა საარჩევნო ბლოკმა (BEC)," რომელიც, მათ შორის, მემარცხენე სოციალისტებისა და კომუნისტებისგან შედგება, ხვალ, მოლდოვის პარლამენტის წინ, ამომრჩევლებს საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდა.
საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ დაარსებული მმართველი "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის (PAS)" მთავარ მეტოქედ სწორედ პრორუსული BEC ითვლებოდა.
უბნების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, ბელგიაში, იტალიაში, რუმინეთში, ესპანეთსა და აშშ-ში, მოლდოვის დიასპორისთვის განკუთვნილ საარჩევნო უბნებზე, ბომბის შესახებ შეტყობინებები შევიდა, რაც, ოფიციალური პირების თქმით, წარმოადგენს "რუსეთის ფედერაციის თავდასხმას მოლდოვის რესპუბლიკაში საარჩევნო პროცესზე."
"სახელმწიფო ინსტიტუტები მზად იყვნენ ამ სცენარისთვის, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მკაფიო პროცედურები და სხვა ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ამან საარჩევნო პროცესზე გავლენა არ იქონიოს. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, დაემორჩილონ ხელისუფლების რეკომენდაციებს, დაეყრდნონ ოფიციალურ ინფორმაციას და გააგრძელონ პატიოსნად ხმის მიცემა," განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
მოლდოვური IPN-ის დირექტორის, დენის დერმენჯის ინფორმაციით, ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინება ჟენევაში, რომში (ორ უბანზე), ბუქარესტში (ორ უბანზე, აშშ-ს ქალაქ ეშვილში, ალიკანტესა და ბრიუსელში გახსნილ საარჩევნო უბნებზე შევიდა.
ამასთანავე, მოლდოვაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცნობები გაავრცელეს ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობების შესახებ.
ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ აღკვეთეს კიბერთავდასხმის მცდელობები, რომელთა სამიზნეც მოლდოვის საარჩევნო ინფრასტრუქტურა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, კიბერთავდასხმების სამიზნე მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდი, მთავრობის ქლაუდ სერვის სისტემები, პროცესის ავტომატიზაციის სისტემები და უცხოეთში რამდენიმე საარჩევნო უბანი იყო.
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე ქვეყნის საარჩევნო კომისიამ ორ პრორუსულ პარტიას არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. განცხადების მიხედვით, პარტიები, Inima Moldovei და Moldova Mare არალეგალური უცხოური დაფინანსების მიღებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში არიან დამნაშავეები. ორივე პარტია მხარს უჭერს მოლდოვის რუსეთთან დაახლოებას და ეწინააღმდეგება არსებული ხელისუფლების პროდასავლურ კურსს.





