ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს რეზოლუციას აშშ-მ მეექვსედ დაადო ვეტო

AFP Photo

აშშ-მ მეექვსედ დაადო ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციას, რომელიც ღაზაში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებას მოითხოვს, 

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს წარმომადგენლის მოადგილის, მორგან ორტაგუსის თქმით, რეზოლუციის ტექსტი ჰამასს საკმარისად არ გმობს და არ აღიარებს ისრაელის თავდაცვის უფლებას.

"ომი ჰამასმა დაიწყო და ის არის პასუხისმგებელი მის გაგრძელებაზე. ისრაელის მიერ შემოთავაზებულ პირობებს, რომლებიც ომს დაასრულებს, ჰამასი კვლავ უარყოფს. ეს ომი დღესვე დამთავრდებოდა, ჰამასს მძევლები რომ გაეთავისუფლებინა და იარაღი დაეყარა." - განუცხადა ორტაგუსმა საბჭოს.

უშიშროების საბჭოს დანარჩენმა თოთხმეტივე წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც ღაზის სექტორში არსებულ მდგომარეობას "კატასტროფულად" აფასებს და ისრაელს შეჩერებისკენ მოუწოდებს.

გაეროში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა, რომ ისრაელი არ იყო კმაყოფილი კატარზე იერიშების შესახებ უშიშროების საბჭოს განცხადებით. "ვფიქრობ, საერთო ჯამში, აშშ-თან თანამშრომლობის დონე იმდენად მაღალია, რომ ამას შევეგუეთ". - დაამატა მან. 

დანონმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, მომავალ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც აშშ-ს პრეზიდენტს შეხვდება. ნეთანიაჰუმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ 29 სექტემბერს შესახვედრად ტრამპმა თეთრ სახლში მიიწვია. 


გაეროს საგამოძიებო კომიტეტის ახალ ანგარიშში წერია, რომ ისრაელი ღაზის სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდს ჩადის, თუმცა ისრაელის მხარე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი ღაზის მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან არიდებას ცდილობენ, ხოლო ჰამასი არამებრძოლებს საფრთხეში აყენებს. 

გაეროს გამოძიების დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ისრაელში, დაასკვნა, რომ ისრაელმა 1948 წლის გენოციდის კონვენციაში განსაზღვრული ხუთი გენოციდური ქმედებიდან ოთხი ჩაიდინა. 

მანამდე, 9 სექტემბერს მედიაში გავრცელებული გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წერილიდან ირკვევა, რომ ბრიტანეთის შეფასებით, ისრაელი ღაზის სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდს არ ჩადის. 

1-ელი სექტემბრით დათარიღებულ წერილში იმ დროისთვის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ, საპარლამენტო კომიტეტს მისწერა, რომ მთავრობამ სიფრთხილით განიხილა გენოციდის რისკი. 

"გენოციდის კონვენციის მიხედვით, გენოციდის დანაშაული მხოლოდ მაშინ ხდება, როცა არსებობს კონკრეტული 'განზრახვა, რათა, მთლიანად ან ნაწილობრივ, განადგურდეს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი'," წერდა ლემი წერილში, რომელიც გამოცემა Reuters-მა მოიპოვა.

წერილის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს "მთავრობა არ ასკვნის, რომ ისრაელი ამ განზრახვით მოქმედებს."

ამას გარდა, 2 სექტემბერს ბარ-ილანის უნივერსიტეტთან მდებარე ბეგინ-სადათის სტრატეგიული კვლევის ცენტრის (BESA) მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ამტკიცებს, რომ გენოციდის შესახებ არსებული ნარატივი ემყარება მცდარ მონაცემებს, მცდარ მონაცემებს, არაკრიტიკულ წყაროებსა და მანიპულაციისგან დაუცველ ჰუმანიტარულ სისტემას.

კვლევის მიხედვით, "2025 წლის 2 მარტამდე შიმშილობის შესახებ ცნობები ემყარებოდა არასწორ მონაცემებს, წრიულ არგუმენტებსა და წყაროების არაკრიტიკულად გადამოწმებას."

ამასთან, Fox News წერს, რომ გენოციდის შესახებ ბრალდებები ემყარება იმის მტკიცებას, რომ ისრაელი მიზანმიმართულად იღებს მოსახლეობას მიზანში, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში საუბარია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლზე, ანგარიშის ავტორებმა ვერ მოიპოვეს ხოცვა-ჟლეტის სისტემატური პოლიტიკის დამამტკიცებელი ცნობები. 

ორბახი ციტირებს BBC-ს მონაცემებს, რომელიც აჩვენებს, რომ 2024 წლის მაისიდან 2025 წლის იანვრამდე, გამოყოფილ უსაფრთხო ზონებში 550 ადამიანი იყო მოკლული, რაც მსხვერპლთა ჯამური რაოდენობის 2.1%-3.5%-ს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ღაზის სექტორის მოსახლეობის ნახევარი ძირითადად ამ ტერიტორიაზე იყო მობილიზებული.

"ეს მიანიშნებს, რომ ზონები შედარებით უსაფრთხო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჰამასი მათ რაკეტების გასაშვებად იყენებდა," განაცხადა ორბახმა. 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ჰამასი მიზანმიმართულად იკავებდა პოზიციებს სამოქალაქო ზონებში, იყენებდა ცოცხალ ფარს და კეტავდა საევაკუაციო გასასვლელებს, რათა გაზრდილიყო სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი და საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელის დაგმობა. 

ამასთან, კვლევა ადგენს, რომ ისრაელის საჰაერო ძალების იერიშების სამიზნე ძირითადად სამხედრო ობიექტები იყო, თუმცა მოსახლეობაში მსხვერპლი გარდაუვალი იყო. 

"IDF პირველი არმიაა ისტორიაში, რომელიც ფოკუსირებულ გაფრთხილებებს იძლევა, მტრის ტერიტორიაზე მასშტაბურად შეაქვს დახმარება და მოულოდნელობის ეფექტს წირავს სამოქალაქო პირების დასაცავად." - დაამატა ორბახმა. 

ანგარიშის ავტორები ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე. BESA-ს კვლევის მიხედვით, ხდებოდა რიცხვებით მანიპულაცია, რათა გარდაცვლილთა დემოგრაფიის შესახებ მცდარი შთაბეჭდილებები შექმნილიყო. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ გენოციდისთვის საჭიროა არსებობდეს ადამიანთა განადგურების სისტემატური განზრახვა, რაც, ანგარიშის მიხედვით, ღაზაში არ არსებობს. "აქ არ ჩანს გენოციდური ომის ნიშნები არ ჩანს," დაამატა ორბახმა. 

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ისრაელის წინააღმდეგ გენოციდის ბრალდებები პოლიტიზებულ ნარატივებს, შერჩევით მონაცემებსა და ჰუმანიტარული საკითხის ბოროტად გამოყენებას ემყარება. 

კომენტარები