ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელი უარყოფს გაეროს საგამოძიებო კომისიის ბრალდებას ღაზაში გენოციდის შესახებ

ისრაელის ჯარისკაცები გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს (UNRWA) შენობასთან ღაზის სექტორში
AFP via Getty Images

გაეროს საგამოძიებო კომიტეტის ახალ ანგარიშში წერია, რომ ისრაელი ღაზის სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდს ჩადის, თუმცა ისრაელის მხარე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი ღაზის მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან არიდებას ცდილობენ, ხოლო ჰამასი არამებრძოლებს საფრთხეში აყენებს. 

გაეროს გამოძიების დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ისრაელში, დაასკვნა, რომ ისრაელმა 1948 წლის გენოციდის კონვენციაში განსაზღვრული ხუთი გენოციდური ქმედებიდან ოთხი ჩაიდინა. 

ანგარიშის მიხედვით, ეს მოიცავს "მკვლელობებს, სერიოზული ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებას, მიზანმიმართულად ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც პალესტინელების მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებაზეა გათვლილი, და ისეთი ზომების თავს მოხვევას, რომელთა მიზანიც შობადობისთვის ხელის შეშლაა."

თავის მხრივ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანგარიშის ავტორები "ჰამასის მარიონეტობაში" დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დასკვნა ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სიცრუეებს ეყრდნობა. 

"ანგარიში მთლიანად ჰამასის ტყუილებს ეყრდნობა, რომელიც სხვების მიერ არის გათეთრებული და განმეორებული," აღნიშნა სამინისტრომ. 

"ისრაელი კატეგორიულად უარყოფს ამ დამახინჯებულ და მცდარ ანგარიშს და მოითხოვს ამ საგამოძიებო კომისიის დაუყოვნებლივ გაუქმებას." - წერია განცხადებაში. 

კომისიის ანგარიშის მიხედვით, "სამოქალაქო და სამხედრო მაღალჩინოსნების" გამოკვეთილი განცხადებები, ისევე როგორც არმიის "ქცევის პატერნი" "მიანიშნებს, რომ ჩადენილია გენოციდური ქმედებები, რათა, პალესტინელები, როგორც ჯგუფი, მთლიანად ან ნაწილობრივ, განადგურდნენ ღაზის სექტორში." 

"კომისია ადგენს, რომ ისრაელი პასუხისმგებელია ღაზაში გენოციდის ჩადენაზე," თქვა კომისიის თავმჯდომარემ, ნავი პილაიმ. 

"აშკარაა, რომ არსებობს მკაფიო განზრახვა, რათა ღაზაში პალესტინელები განადგურდნენ ისეთი ქმედებების მეშვეობით, რომლებიც თანხვედრაშია გენოციდის კონვენციაში განსაზღვრულ კრიტერიუმებთან." - დაამატა მან. 

ცნობისთვის, გაეროს ხსენებული კომისიის სამივე წევრმა, მათ შორის პილაიმ, ივლისში თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გაავრცელეს. პილაის ყოფნის თანამდებობაზე ვადა ნოემბერში იწურება. 

გაეროს საგამოძიებო კომიტეტის ახალი ანგარიში ისრაელის ხელმძღვანელობას, მათ შორის, პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანთს, "გენოციდის ჩადენის წაქეზებაში" სდებს ბრალს. 

თუმცა, მანამდე, 9 სექტემბერს მედიაში გავრცელებული გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წერილიდან ირკვევა, რომ ბრიტანეთის შეფასებით, ისრაელი ღაზის სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდს არ ჩადის. 

1-ელი სექტემბრით დათარიღებულ წერილში იმ დროისთვის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ, საპარლამენტო კომიტეტს მისწერა, რომ მთავრობამ სიფრთხილით განიხილა გენოციდის რისკი. დევიდ ლემი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2024 წლის ივლისიდან მიმდინარე წლის 12 სექტემბრამდე იკავებდა. კაბინეტის გადალაგების ფარგლებში ლემი თანამდებობაზე ივეტ კუპერმა ჩაანაცვლა, თავად კი პრემიერმინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 

"გენოციდის კონვენციის მიხედვით, გენოციდის დანაშაული მხოლოდ მაშინ ხდება, როცა არსებობს კონკრეტული 'განზრახვა, რათა, მთლიანად ან ნაწილობრივ, განადგურდეს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი'," წერდა ლემი წერილში, რომელიც გამოცემა Reuters-მა მოიპოვა.

წერილის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს "მთავრობა არ ასკვნის, რომ ისრაელი ამ განზრახვით მოქმედებს."

ლემის წერილში ასევე ეწერა, რომ "მოსახლეობაში მაღალი მსხვერპლის მაჩვენებელი, მათ შორის ქალებისა და ბავშვების, და ღაზის ექსტენსიური განადგურება, სრულად შემზარავია. ისრაელმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რათა აღკვეთოს და შეამსუბუქოს ის ტანჯვა, რასაც ეს კონფლიქტი იწვევს." 

ცნობისთვის, უკვე დიდი ხნის განმავლობაში ბრიტანეთის მთავრობის პოზიციაა, რომ გენოციდის ჩადენა-არ ჩადენის საკითხი სასამართლომ უნდა განსაზღვროს. 

ამას გარდა, 2 სექტემბერს ბარ-ილანის უნივერსიტეტთან მდებარე ბეგინ-სადათის სტრატეგიული კვლევის ცენტრის (BESA) მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ამტკიცებს, რომ გენოციდის შესახებ არსებული ნარატივი ემყარება მცდარ მონაცემებს, მცდარ მონაცემებს, არაკრიტიკულ წყაროებსა და მანიპულაციისგან დაუცველ ჰუმანიტარულ სისტემას.

კვლევის მიხედვით, "2025 წლის 2 მარტამდე შიმშილობის შესახებ ცნობები ემყარებოდა არასწორ მონაცემებს, წრიულ არგუმენტებსა და წყაროების არაკრიტიკულად გადამოწმებას."

ამავდროულად, კვლევაში წერია, რომ ომის განმავლობაში ისრაელის მხრიდან ღაზისთვის მიწოდებული საკვები პროდუქტების რაოდენობა რეგულარულად აღემატებოდა საჭირო რაოდენობას და ომის დაწყებიდან 2025 წლის მარტამდე ღაზის სექტორში ყოველდღიურად საშუალოდ 100-მდე სატვირთო მანქანა შედიოდა. ხოლო მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმავლობაში ეს რიცხვი ყოველდღიურად 600-მდეც აღწევდა. 

"აბსურდია ის იდეა, რომ ჰამასის მხრიდან [ჰუმანიტარული] დახმარების ჩამორთმევა არ ხდებოდა. ყველა კონფლიქტში შეიარაღებული ჯგუფები ჰუმანიტარული დახმარების დიდ ნაწილს იღებენ. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები და ჩვენებები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ჰამასი ამას აკეთებდა." - განაცხადა ანგარიშის თანაავტორმა, დენი ორბახმა Fox News Digital-სთან საუბრისას. 

BESA-ს ანგარიში ამტკიცებს, რომ გენოციდის შესახებ ბრალდებები, ორბახის დახასიათებით, "ინფორმაციის ამობრუნებული ძაბრივით" გავრცელდა, რადგან ღაზაში მყოფი ჟურნალისები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ხშირად ჰამასთან დაკავშირებულ მთარგმნელებს ეყრდნობოდნენ, რომელთა მიერ მონაყოლიც გაეროს ანგარიშებში, მეინსტრიმ მედიასა და ონლაინ პლატფორმებზე მოხვდა. 

ამასთან, Fox News წერს, რომ გენოციდის შესახებ ბრალდებები ემყარება იმის მტკიცებას, რომ ისრაელი მიზანმიმართულად იღებს მოსახლეობას მიზანში, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში საუბარია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლზე, ანგარიშის ავტორებმა ვერ მოიპოვეს ხოცვა-ჟლეტის სისტემატური პოლიტიკის დამამტკიცებელი ცნობები. 

ორბახი ციტირებს BBC-ს მონაცემებს, რომელიც აჩვენებს, რომ 2024 წლის მაისიდან 2025 წლის იანვრამდე, გამოყოფილ უსაფრთხო ზონებში 550 ადამიანი იყო მოკლული, რაც მსხვერპლთა ჯამური რაოდენობის 2.1%-3.5%-ს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ღაზის სექტორის მოსახლეობის ნახევარი ძირითადად ამ ტერიტორიაზე იყო მობილიზებული.

"ეს მიანიშნებს, რომ ზონები შედარებით უსაფრთხო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჰამასი მათ რაკეტების გასაშვებად იყენებდა," განაცხადა ორბახმა. 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ჰამასი მიზანმიმართულად იკავებდა პოზიციებს სამოქალაქო ზონებში, იყენებდა ცოცხალ ფარს და კეტავდა საევაკუაციო გასასვლელებს, რათა გაზრდილიყო სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი და საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელის დაგმობა. 

ამასთან, კვლევა ადგენს, რომ ისრაელის საჰაერო ძალების იერიშების სამიზნე ძირითადად სამხედრო ობიექტები იყო, თუმცა მოსახლეობაში მსხვერპლი გარდაუვალი იყო. 

"IDF პირველი არმიაა ისტორიაში, რომელიც ფოკუსირებულ გაფრთხილებებს იძლევა, მტრის ტერიტორიაზე მასშტაბურად შეაქვს დახმარება და მოულოდნელობის ეფექტს წირავს სამოქალაქო პირების დასაცავად." - დაამატა ორბახმა. 

ანგარიშის ავტორები ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე. BESA-ს კვლევის მიხედვით, ხდებოდა რიცხვებით მანიპულაცია, რათა გარდაცვლილთა დემოგრაფიის შესახებ მცდარი შთაბეჭდილებები შექმნილიყო. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ გენოციდისთვის საჭიროა არსებობდეს ადამიანთა განადგურების სისტემატური განზრახვა, რაც, ანგარიშის მიხედვით, ღაზაში არ არსებობს. "აქ არ ჩანს გენოციდური ომის ნიშნები არ ჩანს," დაამატა ორბახმა. 

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ისრაელის წინააღმდეგ გენოციდის ბრალდებები პოლიტიზებულ ნარატივებს, შერჩევით მონაცემებსა და ჰუმანიტარული საკითხის ბოროტად გამოყენებას ემყარება. 

კომენტარები