აშშ-ქართული ოცნება

რაუფოღლუ: სახდეპის აქტში "ქართული კოშმარის არაღიარების" შესწორების წინადადება შეიტანეს

© Allison Robbert, AFP file photo

Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში "ქართული კოშმარის არაღიარების" შესწორების წინადადება შეიტანეს.

რაუფოღლუს მიერ გამოქვეყნებული სურათის მიხედვით, შესწორების წინადადება კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.

შესწორება აშშ-ს მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს "ქართული ოცნების" მთავრობის აღიარებას უკრძალავს.

რაუფოღლუს მიერ გამოქვეყნებულ სურათზე დატანილი ნომრით კონგრესის ვებგვერდზე კანონპროექტი შემდეგი სახელით იძებნება - "სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დებულებების აქტი". კანონპროექტი 11 სექტემბერს დაარეგისტრირეს. კანონში რამე სახის შესწორების წინადადება კონგრესის საიტზე ჯერჯერობით ასახული არაა.

აღსანიშნავია, რომ სურათზე ასახული შესწორების წინადადება კანონპროექტის 313-ე მუხლს მიემართება, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომ ტექსტში აშშ-ს მთავრობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკრძალავს.

კომენტარები