ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი 2023 წლის როლან გაროსს გამოტოვებს, 2024 წლის სეზონის შემდეგ კი, სავარაუდოდ, კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ ნადალმა აკადემია Movistar-ში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
საფრანგეთის ღია პირველობა, სადაც ნადალი აბსოლუტური რეკორდსმენია და 115 გამართული შეხვედრიდან 112 აქვს მოგებული, 22 მაისს იწყება. ნადალს კი ტრავმის გამო იანვრის შემდეგ არ უთამაშია და ტურნირისთვის მომზადებას ვერ ახერხებს. სავარაუდოა, რომ ნადალი დიდი სლემის კიდევ ერთ ტურნირს, უიმბლდონსაც გამოტოვებს, რომელიც 3 ივლისს დაიწყება.
"როლან გაროსზე ვერ ვითამაშებ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღიურად ბევრს ვშრომობდი, მაგრამ პრობლემის გადაჭრა ვერ მოვახერხე. დღეს არ ვარ მზად იმისთვის, რომ ვაჩვენო ჩოგბურთის ის სტანდარტი, რომელიც როლან გაროსისთვის მჭირდება. არ ვიცი, როდის შევძლებ კორტზე დაბრუნებას. შესაძლოა, თვენახევარი დავისვენო, შესაძლოა ორი, ან ოთხი". - თქვა ნადალმა.
გარდა ამისა, რაფაელ ნადალმა აღნიშნა, რომ 2024 წლის სეზონი, სავარუდოდ, მის კარიერაში უკანასკნელი იქნება.
"სავარაუდოდ, მომდევნო სეზონი ჩემთვის უკანასკნელი იქნება. ზუსტად თქმა მიჭირს, რომ ასე იქნება, მაგრამ ჩანაფიქრი ასეთია". - თქვა ნადალმა.
რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის აბსოლუტური რეკორდსმენია. ესპანელ ჩოგბურთელს როლან გაროსი 14-ჯერ აქვს მოგებული, ტურნირზე ჯამში გამართული 115 შეხვედრიდან კი გამარჯვება 112-ში მოახერხა.