აქცია კალაძის საარჩევნო შტაბთან

ოცნებამ შსს-ს მიმართა - გამოძიება წინასაარჩევნო კამპანიისას ძალადობის მუხლითაც დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახა კალაძის შტაბთან მომხდარზე გამოძიება კიდევ ერთი მუხლით - წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის ან ძალადობის მუქარის მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, მათ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მიმართეს.

"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გარდა აღნიშნულისა, პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე - სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობის, ძალადობის პროვოცირების და სხვა ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის წარმოებაში, რაც თავის მხრივ კანონით დასჯადი ქმედებაა" - წერს შსს.

8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია, აქცია გაიმართა, შტაბიდან გამოსული ტიტუშკები პროტესტის მონაწილეებს თავს დაესხნენ, მათ შორის, ქალებსა და ჟურნალისტებს. ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება ორი ადამიანი.

კომენტარები