საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 8 სექტემბერს კახა კალაძის შტაბთან მომხდარი მოვლენები ადასტურებს, რომ ოცნება მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების უფლებების უხეშად დარღვევას განაგრძობს.
საია-ს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმები პოლიციელების თანდასწრებით ხდებოდა, სამართალდამცავებს არ ჰქონიათ შესაბამისი რეაგირება და ცხელ კვალზე არცერთი მოძალადე არ დაუკავებით.
"მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობისაგან დაცვის ნაცვლად, პოლიცია თავად მონაწილეობდა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში და აგინებდა მას, რაც საგანგაშოა." - წერს ორგანიზაცია.
საია საზოგადოებას ახსენებს, რომ 8 სექტემბერს მომხდარი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციელები აქციის მონაწილეებზე თავდასხმას რეაგირების გარეშე ტოვებენ, მათი განცხადებით, - "მსგავსი ინციდენტები მოხდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროტესტების და 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ."
"დემონსტრაციამ შეიძლება გააღიზიანოს ან შეურაცხყოს ის პირები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ იდეებს, რომელთა გავრცელებასაც მიზნად ისახავს დემონსტრაცია, თუმცა, მონაწილეებს უნდა შეეძლოთ დემონსტრაციის ჩატარება იმ შიშის გარეშე, რომ ოპონენტები მათზე ფიზიკურად იძალადებენ.
საპროტესტო აქციის დროს, სახელისუფლებო ძალაუფლების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს მათი მშვიდობიანი ჩატარება და მოქალაქეების უსაფრთხოება. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, ეფექტიანად დაიცვას ადამიანები მესამე პირების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებებისაგან და გადადგას გონივრული ნაბიჯები მესამე პირების მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის, როდესაც სახელმწიფომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა ასეთი მოპყრობის შესახებ." - წერს საია.
ორგანიზაცია ასევე წერს, რომ კალაძის შტაბთან მომხდარი არ არის იზოლირებული შემთხვევა და მოქალაქეების დაპირისპირება, არამედ, ესაა "მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და საპროტესტო გამოხატვის დასჯის მიზნით, კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენება."
"8 სექტემბრის მოვლენები დადასტურებაა, რომ ქართული ოცნება განაგრძობს მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევას. 8 სექტემბრის ძალადობის ჯგუფური და ორგანიზებული ხასიათი, მასზე პოლიციის ეფექტიანი რეაგირების არარსებობა და ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის საჯაროდ მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არა იზოლირებულ შემთხვევასთან ან "მოქალაქეთა დაპირისპირებასთან", არამედ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და საპროტესტო გამოხატვის დასჯის მიზნით, კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენებასთან“ - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბია, აქცია გაიმართა, შტაბიდან გამოსული ტიტუშკები პროტესტის მონაწილეებს თავს დაესხნენ, მათ შორის, ქალებსა და ჟურნალისტებს.





