გიორგი ბაჩიაშვილის საქმე

ბაჩიაშვილი: რეჟიმს სურს ჩემი ნაცნობები მოათავსონ საკანში ჩემთან და ასე გააგრძელონ ზეწოლა

გიორგი ბაჩიაშვილი

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტორების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი პენიტენციური სამსახურის განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება. 

"როგორც ე.წ. მწვანე საზღვრის მიმდებარედ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ზუსტად ისე, ვერავითარი თავდასხმის ორგანიზებას საკუთარ თავზე ვერ მოვახდენდი" - წერს ბაჩიაშვილი. 

ცნობისთვის, დღეს, 21 აგვისტოს, პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილის ცემის საქმეზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, თანამდებობები დატოვეს გლდანის ციხის დირექტორმა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, "გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ".

ბაჩიაშვილის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ მის საკანში ნაცნობი მსჯარდებულები მოათავსონ და "ამ მეთოდით გააგრძელონ ზეწოლა და კომუნიკაცია".

"ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულების სერიას და ამჯერად სურს თავისი ერთი სასტიკი სისტემური დანაშაული სხვა ფაბრიკაციით გადაფაროს. როგორც ე.წ. მწვანე საზღვრის მიმდებარედ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ზუსტად ისე, ვერავითარი თავდასხმის ორგანიზებას საკუთარ თავზე ვერ მოვახდენდი. შეგახსენებთ, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯერ პროკურატურამ შემიწყვიტა სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახთან და ადვოკატებთან, შემდეგ ადგილი ჰქონდა ციხის დირექტორისგან გაჟღერებულ ცნობილ მოთხოვნებს, ხოლო შემდეგ - მსჯავრდებული, საკანში შემომიყვანეს, რომელიც შემოსვლისთანავე თავს დამესხა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ რეჟიმს სურს ჩემი ნაცნობები, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, მოათავსონ საკანში ჩემთან და ამ მეთოდით გააგრძელონ ზეწოლა და კომუნიკაცია.

მსგავს შემთხვევაში, ინფორმაციას მყისიერად გავასაჯაროებ. ნებისმიერი კომუნიკაცია ჩემთან შეიძლება შედგეს მხოლოდ ჩემი ადვოკატების მეშვეობით" - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაში, რომელსაც მისი ადვოკატი ავრცელებს.

გიორგი ბაჩიაშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით ამტკიცებდა, "საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება".

თავად ბაჩიაშვილი ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქონების “უკანონოდ იძულებით წართმევას და დაშინებას” უკავშირებს.

კომენტარები