ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ არცევში ოლქის ე.წ. შინაგან საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრის "უკანონოდ კვეთისთვის" 1992 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ჩატარებული ღონისძიებების დროს, არცევის ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო მამაკაცი დააკავეს.
სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი სამართალდამცავებმა გუშინ საღამოს, სოფელ არცევის ტერიტორიაზე პატრულირებისას დააკავეს. დაკავებული კაცის ვინაობა დადგენილია, ის 1992 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეა.
დაკავებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს გადასცეს". - წერია მარიონეტული უწყების განცხადებაში.





