საგარეო ვაჭრობა

თურქეთი, აშშ, რუსეთი – საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-ივლისში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 14 155.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი 3 845.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს [გაიზარდა 9%-ით], ხოლო იმპორტი 10 310.7 მილიონ აშშ დოლარს [გაიზარდა 10.8%-ით].

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარივლისში, 6 465.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7%-ია.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 752.4 მილიონი. აშშ დოლარი), აშშ (1 600.1 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (1 499.5 მილიონი აშშ დოლარი).

რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-ივლისში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (815.5 მილიონი აშშ დოლარი), ყაზახეთი (494.8 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (412.0 მილიონი აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი 70.1% იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების - 11.2%, დანარჩენი ქვეყნების კი - 18.7%.

2025 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 478.9 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 202.9 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 148.1 მილიონი აშშ დოლარით (3.9%).

2025 წლის იანვარ-ივლისში 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.6% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 556.2 მილიონი აშშ დოლარი), აშშ (1 553.1 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (1 087.5 მილიონი აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-ივლისში იმპორტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი 24.8% იყო, დსთ-სი - 18.2%, დანარჩენი ქვეყნების კი - 57.1%.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 058.3 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 727.6 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 7.1%), ხოლო მესამე ადგილზეა (სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.3 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 4.7%).

კომენტარები