დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპის თქმით, დღეს აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონის "გათავისუფლების" დღე იქნება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Andrew Harnik/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ ახალ ზომებს მიიღებს ვაშინგტონში უსახლკაროებისა და კრიმინალის სახით არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად, რასაც ქალაქის მერის შეშფოთება მოჰყვა ქვეყნის დედაქალაქში ტრამპის მხრიდან ეროვნული გვარდიის გამოყენების შესაძლებლობის გამო. 

სოციალურ მედიაში ტრამპმა დაწერა, რომ 11 აგვისტოს თეთრ სახლში პრესკონფერენციას გამართავს, რათა განიხილოს მისი გეგმები, რომელიც კოლუმბიის ოლქის "უფრო უსაფრთხოდ და ლამაზად გადაქცევას" ეხება.

პრესკონფერენციამდე ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ დღეს ქვეყნის დედაქალაქი "გათავისუფლდება!" მისი თქმით, ვაშინგტონში "უდანაშაულო ხალხის დაუნდობლად მკვლელობებისა და მათთვის ზიანის მიყენების დღეებს" დაასრულებს. 

მანამდე, 10 აგვისტოს, აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ყურადღება გაამახვილა ვაშინგტონიდან უსახლკარო მოსახლეობის მოშორების აუცილებლობაზე: "უსახლკაროებმა [ვაშინგტონი] უნდა დატოვონ, დაუყოვნებლივ. ჩვენ ადგილებს მოგცემთ დასარჩენად, მაგრამ დედაქალაქიდან მოშორებით. კრიმინალებო, თქვენთვის არაა აუცილებელი წასვლა. ჩვენ ციხეში ჩაგსვამთ, სადაც თქვენი ადგილია." - დაწერა ტრამპმა. 

ამასთან, გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა ფედერალურ სამართალდამცავ სააგენტოებს ვაშინგტონში შვიდი დღით კონტინგენტის გაზრდა დაავალა, რაც შესაძლოა, "საჭიროებისამებრ გახანგრძლივდეს."

8 აგვისტოს კი აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და აშშ-ს მარშლის სამსახურმა 120-ზე მეტი ოფიცერი და აგენტი გაგზავნეს ვაშინგტონში სამართალდამცავი ორგანოებისთვის დახმარების გასაწევად. 

ამას გარდა, გავრცელდა ინფორმაციაც, რომ პრეზიდენტი ტრამპი განიხილავს დედაქალაქში ეროვნული გვარდიის განლაგებას. თუმცა, ვაშინგტონის დემოკრატმა მერმა, მიურიელ ბაუზერმა თავის მხრივ ეჭვქვეშ დააყენა ეროვნული გვარდიის გამოყენების ეფექტურობა ქალაქში კანონების აღსრულების მიზნით. სანაცვლოდ, ბაუზერის თქმით, აჯობებს, რომ ფედერალურმა მთავრობამ დაფინანსება გაზარდოს პროკურორებისთვის ან ვაშინგტონის უზენაეს სასამართლოში 15 ვაკანტური ადგილი შეავსოს. 

Associated Press-ის ინფორმაციით, პოლიციის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ერთი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით წელს ვაშინგტონში ქურდობებისა და ყაჩაღობის შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია. ასევე 26%-ითაა შემცირებული ზოგადად კრიმინალის მაჩვენებელიც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. 

თუმცა, გასულ კვირას ვაშინგტონში თავს დაესხნენ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ყოფილ თანამშრომელს, 19 წლის ედვარდ კორისტინს, როდესაც ორმა თავდამსხმელმა მისი მანქანის გაქურდვა სცადეს, რომელშიც კორისტინის მეგობარი ქალიც იმყოფებოდა. აღნიშნულ თავდასხმას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ აშშ-ს პრეზიდენტი და DOGE-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ილონ მასკიც.

პოლიციის მოხსენების მიხედვით, ოფიცრებმა დაახლოებით 10 "მოზარდი" დაინახეს, რომლებმაც მანქანა ალყაში მოაქციეს და კორისტინზე ფიზიკურად ძალადობდნენ, რის შემდეგაც პოლიციელები მანქანიდან გადმოვიდნენ, თუმცა მხოლოდ ორი მოზარდის დაკავება შეძლეს, დანარჩენები კი გაიქცნენ. 

მოგვიანებით ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ადგილობრივი "ახალგაზრდები და ბანდების წევრები, ზოგიერთი მხოლოდ 14, 15 და 16 წლის, განურჩევლად თავს ესხმიან, ძარცვავენ, აზიანებენ და ესვრიან უდანაშაულო მოქალაქეებს და ამავდროულად იციან, რომ თითქმის დაუყოვნებლივ გამოუშვებენ."

"თუკი ვაშინგტონი დროულად არ მოიქცევა წესიერად, ქალაქზე ფედერალური კონტროლის დამყარების გარდა სხვა არჩევანი არ გვექნება," დაამატა მან.

კომენტარები