შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო გამტარი პუნქტის, დარიალის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფება 87 პირი, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები და ცდილობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით.
შსს-ს ცნობით, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის.
"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი პირების შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები და ცდილობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით.
პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ ამ დროისათვის სასაზღვრო გამტარი პუნქტის, დარიალის ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფება 87 პირი. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. გარდა ამისა, მათ არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს." - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა, თუმცა დღემდე არ მიუღიათ საბოლოო, ოფიციალური დასტური ჩარტერული რეისით მათი სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებასთან დაკავშირებით, რაც ეჭვს აჩენს.
"შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად, რაც სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფ პირთა სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობს, ქართულმა მხარემ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, ასევე, გამოყენებულ იქნა პოლიციის ატაშეების ქსელი, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაცია შედგა უკრაინაში საქართველოს პოლიციის ატაშესა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის.
ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება სამშობლოში – უკრაინაში. მათ შორის, ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები.
მიუხედავად ამისა, უკრაინული მხარე ამ დრომდე თავს იკავებს საზღვარზე მყოფ პირთა საზღვაო გზით დაბრუნების მექანიზმის გამოყენებაზე. ხოლო, დღემდე არ მიგვიღია საბოლოო, ოფიციალური დასტური ჩარტერული რეისით მათი სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებასთან დაკავშირებით. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე მსგავსი პირების გადაყვანის პრეცედენტები გვქონია - უკრაინული მხარის ჩართულობით, 2025 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მომავალი დაახლოებით 134 პირიდან, 37-მა პირმა საქართველო დატოვა მოლდოვის მიმართულებით, ხოლო 10-მდე პირმა სხვადასხვა მიმართულებით.
აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით შესაძლებელია ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება. პროცესის ხელოვნური გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია ეს ადამიანები ხანგრძლივი დროით დარჩნენ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, რათა შემდგომ ქართული მხარე იძულებული გახდეს ისინი დაუშვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ!" - წერია განცხადებაში.
უწყებამ აგრეთვე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი 15-მდე პირი შიმშილობდა, რათა ხმა მიეწვდინათ უკრაინის საელჩოსთვის და სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ.
"საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი 15-მდე პირი შიმშილობდა – ყველა მათგანს სურდა, რომ პროტესტის ამ სახით ხმა მიეწვდინათ უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებისთვის, რათა უკრაინული მხარის მხარდაჭერითა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით, ნებისმიერი გზით დაბრუნდნენ სამშობლოში, უკრაინაში.
მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად." - განაცხადა ბრიფინგზე ალექსანდრე დარახველიძემ.





