აშშ-სამხრეთ კავკასია

Reuters: სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ზავით აშშ სტრატეგიულ დერეფანზე წვდომას მოიპოვებს

გამოცემა Reuters-ს მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ როდესაც თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს უმასპინძლებს, შეხვედრის ბოლოს სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, რომელიც აშშ-სთვის ექსკლუზიური განვითარების უფლებების მინიჭებასაც მოიცავს სომხეთის სამხრეთში დაგეგმილი "ტრამპის მარშრუტის" ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში.

მაღალჩინოსნების თქმით, მოლაპარაკებული ხელშეკრულებით, რომელსაც ლიდერები ხელს 8 აგვისტოს მოაწერენ, სომხეთი აშშ-ს ხანგრძლივი პერიოდით ექსკლუზიურ სპეციალური განვითარების უფლებებს მისცემს იმ დერეფანზე, რომელსაც საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტი, აკრონიმით TRIPP დაერქმევა.

Reuters-ს მაღალჩინოსნებმა აცნობეს, რომ აღნიშნულ მარშრუტის ოპერირება სომხეთის კანონმდებლობის მიხედვით მოხდება, ხოლო აშშ მიწას ქვეიჯარით ინფრასტრუქტურისა და ხელმძღვანელობის კონსორციუმს გადასცემს.

"კომერციული საშუალებებით, ეს ნაბიჯი რეგიონს გახსნის და სამომავლო საომარ მოქმედებებს აღკვეთს," თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

ცნობისთვის, 7-8 აგვისტოს სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში ჩავა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სამმხრივ შეხვედრას გამართავს.

Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, მხარეები ისტორიული სამიტის ფარგლებში ერთობლივ დეკლარაციას გამოაქვეყნებენ და სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელზეც მუშაობა ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ტრამპის მარშრუტი, სამშვიდობო შეთანხმება – სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული სამიტი ვაშინგტონში

რაუფოღლუ წერს, რომ ერთობლივი დეკლარაცია "ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტად" არის დახასიათებული და მისი მიზანი "მშვიდობისკენ შეუქცევადი გზის" შექმნაა. აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმული იქნება ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისთვის საჭირო ნაბიჯები და ფოკუსი ომის თავიდან აცილებიდან მშვიდობის აქტიურ შენებაზე გადავა, წერს ვაშინგტონის კორესპონდენტი.

ამასთანავე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ეუთოს მინსკის ჯგუფიდან გამოსვლაზე წერილსაც მოაწერენ ხელს. რაუფოღლუს ინფორმაციით, მიიჩნევა, რომ აღნიშნულმა შუამავლობის ფორმატმა, რომელსაც რუსეთი, საფრანგეთი და აშშ 1992 წლიდან თავმჯდომარეობენ, ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება და ამჟამად უფრო მეტ პრობლემას იწვევს, ვიდრე - აგვარებს.

ამავდროულად, სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებების გარდა, აშშ-ს პრეზიდენტი ორმხრივ შეთანხმებას გამართავს ორივე ქვეყნის ლიდერთან და აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერს ხელს სომხეთთან და აზერბაიჯანთან - პირველის შემთხვევაში ურთიერთობების "ხელახლა დასაწყებად ან გასაუმჯობესებლად," აზერბაიჯანის შემთხვევაში კი ურთიერთობების "დასაწყებად." რაუფოღლუს ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმებში დახასიათებულია შესაძლებლობები, რომლებიც კვირების წინ "ჩანაფიქრშიც" კი არ არსებობდა.

კომენტარები