სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აშშ-სთან დისკუსიები მიმდინარეობს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტის აშშ-სთვის მრავალწლიანი იჯარით გადაცემის თაობაზე.
ცნობისთვის, აგვისტოში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ექსკლუზიური უფლებები მიენიჭა, რათა აშშ-მ უხელმძღვანელოს პროექტ "ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP), რომელიც სომხეთის გავლით აზერბაიჯანს ნახიჩევანის ექსკლავთან დააკავშირებს.
ფაშინიანის მიხედვით, პროექტი, რომელიც ერთობლივი სომხეთ-ამერიკული კომპანიის შექმნასაც მოიცავს, სომხეთის იურისდიქციის ქვეშ სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ისახავს მიზნად.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი 49-წლიანი ან 99-წლიანი საიჯარო ხელშეკრულების "ორ სცენარს" განიხილავს, რადგან ინვესტორებს მომგებიანობისთვის გრძელვადიანი გარანტიები სჭირდებათ.
დერეფნის შექმნის გეგმა აგვისტოში ვაშინგტონში გამართულ სამიტზე მიღწეული სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი იყო. პროექტი ასევე მოიცავს სარკინიგზო ხაზების, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებისა და გზების გაყვანის ინიციატივებსაც.





