აშშ-სამხრეთ კავკასია

ტრამპის მარშრუტი, სამშვიდობო შეთანხმება – სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული სამიტი ვაშინგტონში

7-8 აგვისტოს სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში ჩავა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სამმხრივ შეხვედრას გამართავს. 

სომხეთის პრემიერის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ორმხრივი შეხვედრა გაიმართება ტრამპთანაც, რომლის მიზანიც აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავება იქნება. 

თუმცა, გამოცემა Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, "თეთრ სახლში გამართული სამშვიდობო სამიტის" ფარგლებში, რომელიც 8 აგვისტოს გაიმართება, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთობლივ დეკლარაციას გამოაქვეყნებენ, მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრები კი სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელზეც მუშაობა ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

რაუფოღლუ წერს, რომ ერთობლივი დეკლარაცია "ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტად" არის დახასიათებული და მისი მიზანი "მშვიდობისკენ შეუქცევადი გზის" შექმნაა. აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმული იქნება ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისთვის საჭირო ნაბიჯები და ფოკუსი ომის თავიდან აცილებიდან მშვიდობის აქტიურ შენებაზე გადავა, წერს ვაშინგტონის კორესპონდენტი.

ამასთანავე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ეუთოს მინსკის ჯგუფიდან გამოსვლაზე წერილსაც მოაწერენ ხელს. რაუფოღლუს ინფორმაციით, მიიჩნევა, რომ აღნიშნულმა შუამავლობის ფორმატმა, რომელსაც რუსეთი, საფრანგეთი და აშშ 1992 წლიდან თავმჯდომარეობენ, ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება და ამჟამად უფრო მეტ პრობლემას იწვევს, ვიდრე - აგვარებს. 

ამავდროულად, სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებების გარდა, აშშ-ს პრეზიდენტი ორმხრივ შეთანხმებას გამართავს ორივე ქვეყნის ლიდერთან და აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერს ხელს სომხეთთან და აზერბაიჯანთან - პირველის შემთხვევაში ურთიერთობების "ხელახლა დასაწყებად ან გასაუმჯობესებლად," აზერბაიჯანის შემთხვევაში კი ურთიერთობების "დასაწყებად." რაუფოღლუს ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმებში დახასიათებულია შესაძლებლობები, რომლებიც კვირების წინ "ჩანაფიქრშიც" კი არ არსებობდა. 

ვაშინგტონის კორესპონდენტის ინფორმაციით, სამიტის განმავლობაში ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტს (TRIPP), რომელიც აქამდე არსებულ "დერეფნის" იდეას ჩაანაცვლებს. 

TRIPP აშშ-სა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი შეთანხმებაა, რომლის მიზანიც სომხეთის სამხრეთ ნაწილში მარშრუტის შექმნაა. აღნიშნული მარშრუტი აზერბაიჯანს შეუფერხებელ კომერციულ წვდომას მიანიჭებს ნახიჩევანთან.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტს სავაჭრო დატვირთვა ექნება და არა - სამხედრო ან უსაფრთხოების. რაუფოღლუს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში არ მოხდება ამერიკელი სამხედროების განლაგება, თუმცა აშშ პასუხისმგებლობას აიღებს მის უსაფრთხოდ ოპერირებაზე "უმაღლესი კლასის ოპერატორებთან" კომერციული შეთანხმებების მიღწევით. 

ამასთანავე, რაუფოღლუ აღნიშნავს, რომ "დერეფნის" TRIPP-ით ჩანაცვლება მიზანმიმართულია, რადგან დერეფანი ხშირად რუსულ გავლენასთან ასოცირდება. რაუფოღლუს თქმით, ეს პროექტი მთლიანი "შუა დერეფნის" გარდაქმნის შესაძლებლობად განიხილება, რითაც გაუმჯობესდება ვაჭრობა და ენერგორესურსების, ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტირება რეგიონსა და ასევე ევროპაშიც. 

კომენტარები