საპროტესტო აქციები სლოვაკეთში

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ აკრძალვის მიუხედავად, მამუკა მამულაშვილი სლოვაკეთში ჩავიდა

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი სლოვაკეთში ჩავიდა მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში სლოვაკეთის ხელისუფლება მისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვაზე საუბრობდა.

ოთხშაბათს, სლოვაკმა ჟურნალისტმა, ტომაშ ფორომ გამოქვეყნა მამულაშვილთან ინტერვიუ, რომელიც მისი თქმით, ივლისის ბოლოს ბრატისლავაში, სლოვაკეთის მთავრობის შენობასთან ახლოს ჩაიწერა.

იანვარში სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, მატუს შუტაი ეშტოკი აცხადებდა, რომ მამულაშვილი იმ პირთა სიაში იყო შეყვანილი, რომლებსაც შენგენის ზონაში შესვლა აკრძალული ჰქონდათ, რაც ქვეყანაში "გადატრიალების" მომზადებაში მისი სავარაუდო მონაწილეობით იყო განპირობებული.

"ცხადია, მე სლოვაკეთში ყუთით არავის შევუყვანივარ. მათ არ შეუძლიათ წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მე გადატრიალებას ვამზადებდი. არანაირი კავშირი არ მქონია არცერთ პოლიტიკოსთან და დღემდე ასეა. ცივილიზებულ ქვეყანაში ფაქტებს უყურებენ და არა ტელევიზიიდან გავრცელებულ რაღაც ზღაპრებს". - თქვა მამულაშვილმა.

ამასთან, ინტერვიუში მამულაშვილმა კიდევ ერთხელ უარყო სლოვაკეთის მთავრობის ბრალდებები "გადატრიალების მცდელობასთან" დაკავშირებით.

"მე არასოდეს მიცდია სახელმწიფო გადატრიალება სლოვაკეთში და არასოდეს მიფიქრია ამაზე. როდესაც ისინი ამაში მადანაშაულებდნენ, მე ვიცავდი თავისუფლებასა და დემოკრატიას და არა მხოლოდ უკრაინისათვის, არამედ საქართველოსთვის, სლოვაკეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც პოტენციურად შესაძლოა რუსეთის აგრესიის სამიზნე გახდნენ". - თქვა მამულაშვილმა.

იანვრის ბოლოს სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებდა, რომ ოპოზიცია ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა და სლოვაკეთში ჩასული იყო "ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში, ასევე უკრაინის მაიდანის მოვლენებში". ფიცომ მტკიცებულებების გარეშე აღნიშნა, რომ ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში უკრაინის ომში მებრძოლი ქართული ლეგიონი მონაწილეობდა.

31 იანვარს კი შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატუს შუტაი ეშტოკმა შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მამუკა მამულაშვილი დაადანაშაულა და თქვა, რომ მას და კიდევ 10 პირს სლოვაკეთში შესვლა აეკრძალათ.

კომენტარები