სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს თქმით, სლოვაკეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში უკრაინის ომში მებრძოლი ქართული ლეგიონი მონაწილეობს.
"ჩვენი ინფორმაციით, შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთში აქციების ორგანიზების უკან, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ქართული ლეგიონი დგას. ეს არის სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის არმიის ნაწილია". - თქვა ფიცომ პრესკონფერენციაზე.
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, მატუს შუტაი ეშტოკი შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, მამულაშვილს და კიდევ 10 პირს სლოვაკეთში შესვლა აეკრძალათ და შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს.
ამასთან, რობერტ ფიცომ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრეკონფერენციაზე აჩვენა ფოტო, რომელზეც მამულაშვილი ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორთან ინიციატივის მშვიდობა უკრაინის წევრთან, ლუცია შტასელოვასთან და გამოცემა Denník N-ს კომენტატორ მარტინ შიმეჩკასთან ერთადაა გამოსახული.
გარდა ამისა, სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის დირექტორმა, პაველ გასპარმა აღნიშნა, რომ დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა ქართული ლეგიონის პირადი და ეკონომიკური კავშირები სლოვაკეთის საჯარო სექტორთან და ოპოზიციასთან.
გამოცემა Denník N-ს ცნობით, ისინი მამულაშვილს დაუკავშირდნენ და მან აღნიშნა, რომ არ იცნობს სლოვაკ ოპოზიციონერებს და სლოვაკეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებს თვალს არ ადევნებს. ლუცია შტასელოვამ კი თქვა, რომ მამულაშვილთან ფოტო ორი წლის წინ, ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაციის ფარგლებში გადაიღო.
სლოვაკეთის ხელისუფლების ბრალდებებს განცხადებით გამოეხმაურა ქართული ლეგიონი, რომელმაც "ხაზგასმით უარყო სლოვაკეთის ხელისუფლების უსაფუძვლო და აბსურდული ბრალდებები" და აღნიშნა, რომ მსგავსი ბრალდებები მათ წინააღმდეგ მანამდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდათ.
"ქართული ლეგიონი ხაზგასმით უარყოფს სლოვაკეთის ხელისუფლების უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებებს პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ, სავარაუდო, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის შესახებ. ეს განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი დანაყოფის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც 2014 წლიდან უკრაინის გვერდით იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გავხდით პოლიტიკურად მოტივირებული დეზინფორმაციის სამიზნე. მანამდე, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც მზარდი რუსული გავლენით მოქმედებს, სცადა მსგავსი ფაბრიკაციების გავრცელება – ბრალს გვდებდნენ გადატრიალების მომზადებაში, ასევე ავრცელებდნენ ცრუ განცხადებებს, რომ თითქოს საქართველოში ვბრუნდებოდით საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად. ეს ბრალდებები სრულად უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს მათ დაზიანებას, ვინც რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ გამოდის. ახლა სლოვაკეთის მთავრობამ გადაწყვიტა იგივე რუსული თამაშს მიჰყვეს და გადაამუშაოს იგივე ტყუილი, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამ ტაქტიკას კარგად იცნობს კრემლი და არაერთხელ გამოუყენებია, იმ ადამიანების დისკრედიტაციისთვის, ვინც წინააღმდეგობას უწევს მის გავლენას. ქართულ ლეგიონს ერთადერთი მიზანი აქვს: დაიცვას უკრაინა რუსული აგრესიისგან. ჩვენ არ ვერევით არც სლოვაკეთის, არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. ჩვენ მკაცრად ვგმობთ დეზინფორმაციის ამ მცდელობებს და მოვუწოდებთ სლოვაკეთის ხელისუფლებას, თავი შეიკავოს კრემლის პროპაგანდის გავრცელებისგან". - წერია ქართული ლეგიონის განცხადებაში.





