საპროტესტო აქციები სლოვაკეთში

"სრული სიცრუეა" – ქართული ლეგიონის მეთაური სლოვაკეთის პრემიერმინისტრის ბრალდებებზე

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს ბრალდებას ლეგიონის მიერ სლოვაკეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაზე სიცრუეს უწოდებს.

"სრული ტყუილია. ჩვენ ვიყავით თავდაცვის დაზვერვის წევრი, როდესაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, თუმცა დიდი ხნით არა. ამიტომ, ისინი ვერ დამადანაშაულებენ იმაში, რაშიც არ ვმონაწილეობ. ქართული ლეგიონი დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილია, თუმცა ჩვენ საერთოდ არაფერი გვაკავშირებს სლოვაკეთთან" – ამბობს მამულაშვილი სლოვაკურ მედიასთან საუბრისას.

სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს თქმით, სლოვაკეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში უკრაინის ომში მებრძოლი ქართული ლეგიონი მონაწილეობს.

"ჩვენი ინფორმაციით, შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთში აქციების ორგანიზების უკან, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ქართული ლეგიონი დგას. ეს არის სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის არმიის ნაწილია". - თქვა ფიცომ პრესკონფერენციაზე.

სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, მატუს შუტაი ეშტოკი შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, მამულაშვილს და კიდევ 10 პირს სლოვაკეთში შესვლა აეკრძალათ და შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო (GRU) ფიცოს განცხადებას პასუხობს, რომლის  თქმით, სლოვაკეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში უკრაინის ომში მებრძოლი ქართული ლეგიონი მონაწილეობს.

"უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ოფიციალურად იუწყება, რომ მის სტრუქტურაში არ არსებობს ერთეული, რომლის სახელია ქართული ეროვნული ლეგიონი" - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, დაზვერვის სამმართველო განმარტავს, რომ ქართული ლეგიონი არის მულტინაციონალური ერთეული, რომელიც ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძვის და არ ახორციელებს არანაირ ჰიბრიდულ ოპერაციებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ფიცოს ბრალდებებს უშუალოდ ქართული ლეგიონის ლიდერის, მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ, GRU პასუხობს, რომ მამულაშვილს არ აქვს შეხება სადაზვერვო სამმართველოსთან და ის არ იღებს სადაზვერვო ხასიათის დავალებებს. 

კომენტარები