ნინო დათაშვილი

დათაშვილს ისევ გაუსაძლისი ტკივილი აქვს, სკამზე დიდი ხანი ვერ ჯდებოდა - ადვოკატი

რეჟიმის პატიმარი, ნინო დათაშვილი დღეს ადვოკატმა მოინახულა. თამარ გაბოძემ მასთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ დათაშვილს კვლავ გაუსაძლისი ტკივილები აქვს. 

"ნინოსთან რომ შევედი, დაახლოებით, 11:00 საათი იყო და უკვე 2 ნემსი ჰქონდა გაკეთებული - ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო, რადგან კვლავ გაუსაძლისი ტკივილი აქვს. იმ პერიოდში, როცა ჩვენ სამართლებრივ კონსულტაციაზე შეხვედრაზე ვიყავით, ამ კონსულტაციის გაგრძელება რამდენჯერმე ძალიან გაუჭირდა. ცდილობდა, სხვადასხვა მდგომარეობაში ყოფილიყო, სკამზე დიდი ხანი ვერ ჯდებოდა და ცდილობდა, ამდგარიყო [...]

ხერხემლის დისკის დაზიანება შეუქცევადი პროცესია. მას კვლავ აქვს ის გამოწვევები, რაც 2019 წელს ჰქონდა - ხერხემალზე გაკეთებულ ოპერაციას ვგულისხმობ. როცა მას პირველი ოპერაცია ჩაუტარდა, 4 თვის შემდეგ მეორე ოპერაციის საჭიროება დადგა. ეს საჭიროება ახლაც არის. სწორედ ამიტომ ვამბობდი, რომ ნინოს საპატიმროში ყოფნა არ შეიძლებოდა". - თქვა დათაშვილის ადვოკატმა TV პირველთან საუბარში.

21 ივნისს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები