ქართული ემოგრაციული ორგანიზაციები დაკავებული მასწავლებლის და სამოქალაქო აქტივისტის ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებით გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და მის საქმეში მონაწილე პირების დასანქცირებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, მზად არიან საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც დროულად და დაუყოვნებლივ ზომების მიღებაში დაეხმარებათ.
ორგანიზაციები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ადამიანების დისკრედიტირებისა და წამებისათვის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხის გამოყენება წარმოადგენდა საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდს. მათი შეფასებით, ნინო დათაშვილისთვის იძულებითი ექსპერტიზის დანიშვნა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
"დღეს, საქართველოში მოქმედი ბიძინა ივანიშვილის პრორუსული რეჟიმი, რომელსაც ფაქტობრივად მიტაცებული აქვს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისათვის ქმნიდეს შესაბამის სარეაბილიტაციო დაწესებულებებს და ებრძოდეს სტიგმას, გადასულია უდანაშაულო ადამიანების დაავადებულებად გამოცხადების მავნე პრაქტიკის დაბრუნებაზე და ნინო დათაშვილის მაგალითი არის პირველი სიგნალი განგაშისათვის. [...]
მოგმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოებების ლიდერებს.
საჭიროა, დროულად იქნას აღმოფხვრილი ადამიანის მიმართ ფსიქიკური ჯანმრთელობის, როგორც წამების ინსტრუმენტის გამოყენების ეს საფრთხე.
საჭიროა, დროულად გამოეხმაუროთ ამ პრაქტიკის დაბრუნებას ქართულ რეალობაში.
საჭიროა, სანქციების ქვეშ მოექცეს ყველა ის ადამიანი, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში, მათ შორის პირველ რიგში მოსამართლე ფიქირია სიქტურაშვილი, პატიმრობის შემფარდებელი მოსამართლე ეკა ბარბაქაძე და საქმის პროკურორები მედეა ცირამუა და ნინო კეპულაძე.
ქართული ემიგრაციული ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები გამოვხატავთ მზადყოფნას, მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც შესაძლებლობას მოგცემთ იმოქმედოთ დაუყოვნებლივ და შესაძლებელი გახადოთ უდანაშაულო ადამიანის დაცვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორებისაგან.
ჩვენ გვჯერა, რომ დღეს ქართული სამოქალაქო საზოგადოების, მისი აქტიური წევრების დაცვა და მათი ბრძოლის მხარდაჭერა გამოიღებს შედეგს. დამარცხდება არალეგიტიმური ხელისუფლება და საქართველო კვლავ დაუბრუნდება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
ქართველთა ასოციაცია ნორვეგიაში კრება; ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი (ICGE), ბელგია; თაობები საქართველოსთვის; თაობები საქართველოსთვის - იტალია; ქართული თემი დიდ ბრიტანეთში; შტუტგარტის ჯგუფი; თავისუფლების ფონდი - გაერთიანებული სამეფო; ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის; ასოციაცია თამარიელი; ცხრათვალა, საბერძნეთი; II Generation; დანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები; კანადელი ქართველები პროგრესისთვის; შვედეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები; ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტი; პლატფორმა 2025; გზა; ქართველთა სათვისტომო ავსტრიაში; მოლდოვაში ქართული დიასპორას წარმომადგენლები.
ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის [PHR], 2 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა.
- PHR: დათაშვილის ფსიქიატრიულში მოთავსება ადამიანის უფლებათა კონვენციით მიჩნეულია წამებად
-
POG: დათაშვილის ადვოკატებმა წარმოადგინეს სამედიცინო დოკუმენტაცია, რითიც დაინიშნა ექსპერტიზა
21 ივნისს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





