პროკურატურა პასუხობს ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომელიც შეეხება დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას.
"მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა.
აქვე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსგავს შემთხვევებში, ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა" - წერია პროკურატურის განცხადებაში.
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ცნობით, სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პროკურატურამ უსაფუძვლოდ მოითხოვა ნინო დათაშვილისთვის შერაცხადობის საკითხის გამორკვევა, თავად ნინო დათაშვილს კი არ მისცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება.





