დარიალის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის "დარიალის" უფროსის მოადგილის, ლუკა პაატაშვილის თქმით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთიდან დეპორტირებული 80-მდე უკრაინელია ჩარჩენილი.
პაატაშვილის თქმით, მათი ქვეყანაში შემოშვება ვერ ხდება, რადგან მათი უმრავლესობა არ ფლობს საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას და აღნიშნული პირები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის არიან გასამართლებულები.
დეპორტირებული უკრაინელები არ ფლობენ საჭირო დოკუმენტებს, უმეტესობა ნასამართლევია
"ბოლო პერიოდში გახშირდა უკრაინის მოქალაქეების საზღვრის კვეთის მცდელობა საქართველოს საზღვარზე, თუმცა ზემოაღნიშნული უკრაინის მოქალაქეები არ არიან ტურისტულად მომავალი პირები. ეს პირები და მათი უმრავლესობა არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული. როგორიც არის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, გაუპატიურება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. კერძოდ, ნარკოტიკების გასაღება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირები არც ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას და ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ ისინი კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს. ისინი არიან დეპორტირებული რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. დაახლოებით 80 ადამიანზეა საუბარი. ამ ეტაპზე მათი პირობები არის ნორმალური და იცდიან. არიან თუ არ არიან უკრაინის მოქალაქეები, არის დაუდასტურებელი, ვინაიდან არ აქვთ საჭირო დოკუმენტაცია" – ამბობს პაატაშვილი.
27 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ საზღვარზე ჩარჩენილი უკრაინელების მოლდოვაში ევაკუაციის პროცესი დაიწყო, რის შედეგადაც ისინი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. რუსეთიდან დეპორტირებულ პირთა დიდი ნაწილი ყოფილი პატიმარია, რომელიც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიტაცა და თვეების განმავლობაში ე.წ. უცხოელთა ცენტრებში აცხოვრა.
BBC-ს ინფორმაციით, ევაკუაციის პროცესის დროს, მოლდოვამ აღნიშნულ პირთა ნაწილს უარი უთხრა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაზე, რადგან რამდენიმე პირმა უკრაინაში არ ჩააღწია და მოლდოვაში დარჩა, რისი უფლებაც მათ არ არ ჰქონდათ.





