საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 315.51 მლნ აშშ დოლარი (861.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 12.2%-ით მეტია 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ცნობით, ფულადი გზავნილების 96.9% იმ 28 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.
გზავნილების მაქსიმალური წილი 44.4% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ფულადი წილი აქვთ: იტალიას (51.63 მლნ დოლარი), გერმანიას (27.23 მლნ დოლარი) და საბერძნეთს (25.68 მლნ დოლარი)
გრძელდება აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია, ეროვნული ბანკის სტატისტიკით, აშშ-დან შემოვიდა 58.75 მლნ დოლარი, რაც ჯამურად ჩარიცხვების 18.62%-ია. მეორე ადგილს წინა თვის მსგავსად კვლავ იტალია იკავებს (16.37%), საიდანაც ივნისში 51.63 მილიონი დოლარი შემოვიდა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (13.02%) 41.09 მილიონი დოლარი, რაც წინა თვესთან შედარებით ნაკლებია და ხაზს უსვამს კლების ტენდენციას - წლიურად კი, რუსეთის ფედერაციიდან გზავნილები 15.9%-ით შემცირდა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- აშშ - 58.75 მლნ დოლარი
- იტალია - 51.63 მლნ დოლარი
- რუსეთის ფედერაცია - 41.09 მლნ დოლარი
- გერმანია - 27.23 მლნ დოლარი
- საბერძნეთი - 25.68 მლნ დოლარი
- ისრაელი - 24.01 მლნ დოლარი
- ყირგიზეთი - 9.33 მლნ დოლარი
- თურქეთი - 9.19 მლნ დოლარი
- ესპანეთი - 8.22 მლნ დოლარი
- ყაზახეთი - 6.80 მლნ დოლარი
- ირლანდია - 6.43 მლნ დოლარი
- საფრანგეთი - 5,87 მლნ დოლარი
- გაერთიანებული სამეფო - 5.11 მლნ დოლარი
- პოლონეთი - 3.13 მლნ დოლარი
- აზერბაიჯანი - 3.11 მლნ დოლარი
ეროვნული ბანკის ცნობით, 2025 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 34.3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა. რაც 2024 წლის ივნისის (28.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.8%-ით მეტია.





