საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა 15 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მათ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების დასანქცირებისთვის სია წარადგინეს, რომელიც "ორ მოსამართლესაც" შეიცავს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი განმარტავს, რომ ახალგაზრდა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები "ძალიან არაპროპორციულია," რითაც აშკარა ხდება, რომ "სასამართლო სისტემა ასევე აპარატის ნაწილია."
"სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა. ამას განვიხილავთ, როგორც იცით, აქამდე დაბლოკვა მოხდა," თქვა კალასმა, თუმცა დაამატა, რომ სანქციების პაკეტის დაბლოკვის შესაძლებლობაც არსებობს: "შევეცდებით [მიღებას], როგორც იცით, თუ დაბლოკვას ვერ დავძლევთ, ამას ვერ ვიზამთ."
ამის მიუხედავად, კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი დღეს "ქართულ ოცნებას" უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით წერილს გაუგზავნის, რომელშიც განსაზღვრული იქნება გარკვეული პირობების დასაკმაყოფილებელი ვადა. კალასის თქმით, პირობების არ შესრულების შემთხვევაში, მათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება მოუწევთ.
"განვიხილავთ საქართველოს საკითხსაც. ჩვენ ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტებიც, რომლებიც საქართველოს მთავრობას გათვლებს შეაცვლევინებს. [...]
დღეს საქართველოს გავუგზავნით წერილს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ასე რომ, მათ ექნებათ გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებაც მოუწევთ და თუ ამ ვადაში ეს პირობები არ შესრულდა, უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს". - თქვა კალასმა.





