საფრანგეთი

საფრანგეთი თავდაცვის ხარჯებს დაჩქარებული წესით ზრდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანა 2027 წელს თავდაცვის ბიუჯეტს 64 მილიარდ ევრომდე გაზრდის.

"იმისათვის, რომ იყო თავისუფალი ამ სამყაროში, უნდა შენი უნდა ეშინოდეთ და რომ ეშინოდეთ, უნდა იყო ძლიერი" – განაცხადა მან საფრანგეთის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

"თუ თავდაპირველად თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებას 2030 წლამდე ვგეგმავდით, ახლა მას 2027 წლისთვის გავაორმაგებთ. 2027 წელს თავდაცვისთვის 64 მილიარდი ევრო იქნება გამოყოფილი, ორჯერ მეტი, ვიდრე 2017 წელს. ეს ახალი, ისტორიული და პროპორციული ძალისხმევაა" – დაამატა მან.

Politico წერს, რომ სამთავრობო ფინანსების არასახარბიელო მდგომარეობის ფონზე, საზოგადოების თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის მოსამზადებლად, მაკრონმა შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსს, გენერალ ტიერი ბურკარს სთხოვა საფრანგეთის წინაშე არსებული საფრთხეები,  ძირითადად რუსეთის მხრიდან, საჯაროდ გამოეცხადებინა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის გაზრდისთვის საჭირო თანხა არა სესხით, არამედ "მეტი ეკონომიკური აქტივობისა და წარმოების გზით" იქნება უზრუნველყოფილი.

მან დაამატა, რომ პრემიერმინისტრი ფრანსუა ბაირუ 15 ივლისს საფრანგეთის 2026 წლის ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს წარადგენს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ეს გეგმა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაირუს სავარაუდოდ 40 მილიარდი ევროს დანახარჯების შემცირება მოუწევს მთელ ბიუჯეტში, მაკრონის თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი 2026 წელს 3.5 მილიარდით გაიზრდება, ხოლო 2027 წელს — კიდევ 3 მილიარდით.

განახლებული სამხედრო დაგეგმვის კანონი შემოდგომაზე იქნება წარდგენილი. მისი მიზანი უპილოტო აპარატებისა და საბრძოლო მასალის, განსაკუთრებით ე.წ. "კამიკაძე დრონების" მარაგების გაზრდა, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ელექტრონული ომის შესაძლებლობების გაფართოება იქნება.
 

კომენტარები