ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, პეტ კონროიმ განაცხადა, რომ ავსტრალია წინასწარ არ აიღებს ვალდებულებას რომელიმე კონფლიქტში საკუთარი ჯარის ჩართვაზე. ის Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პენტაგონი იაპონიასა და ავსტრალიაზე ზეწოლას აძლიერებს, რათა მათ მკაფიოდ განმარტონ, რა როლს ითამაშებენ თუ ტაივანის გამო აშშ და ჩინეთი ომს დაიწყებენ.
"ავსტრალია პრიორიტეტს საკუთარ სუვერენიტეტს ანიჭებს და ჰიპოთეტურ საკითხებზე არ ვსაუბრობთ. ავსტრალიის ომში ჩართვის ან ჩვენი ტერიტორიის კონფლიქტისთვის გამოყენების ერთადერთი უფლებამოსილი ორგანო იმ დროისთვის არჩეული მთავრობაა" - თქვა კონროიმ ინტერვიუში, რომელიც ავსტრალიურმა მაუწყებელმა (ABC) გამოაქვეყნა.
ავსტრალიის პრემიერმინისტრმა ენტონი ალბანეზიმ, რომელიც ჩინეთში დაგეგმილი ექვსდღიანი ვიზიტის ფარგლებში შანხაიში იმყოფება განაცხადა, რომ ტაივანის საკითხში კანბერას სტატუს კვოს ცვლილება არ სურს.
კონროიმ აღნიშნა, რომ ავსტრალია შეშფოთებულია ჩინეთის მიერ ბირთვული და ტრადიციული ძალების გაძლიერებით და მხარს უჭერს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსს, სადაც არცერთი ქვეყანა არ დომინირებს. მისი თქმით, ჩინეთი ცდილობს სამხედრო ბაზის შექმნას წყნარ ოკეანეში, რაც ავსტრალიის ინტერესებში არ შედის.





