ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი

ენტონი ბლინკენი და ნარენდრა მოდი დამოუკიდებელი ვიზიტებით პაპუა-ახალ გვინეას სტუმრობენ

REUTERS/Kevin Lamarque

ტაივანის გარშემო დაძაბულობის ზრდასთან ერთად, წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების ჩინეთის გავლენის სფეროდან გათავისუფლებისთვის მიმართული ძალისხმევის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და პაპუა-ახალი გვინეის პრემიერ მინისტრმა, ჯეიმს მარაპემ თავდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, შეთანხმება პაპუა-ახალი გვინეის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის და ქვეყანას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კატასტროფებისთვის საპასუხო ქმედებებშიც დაეხმარება.

შეთანხმების საფუძველზე ამერიკის სანაპირო დაცვა პატრულირებას გააძლიერებს პაპუა-ახალი გვინეის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, რაც ქვეყნის ეკონომიკას უკანონო მეთევზეობისგან დაიცავს.

გარდა ამისა, სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესება წყნარი ოკეანის ქვეყანას შეერთებული შტატების სამხედრო ძალებთან ერთად გამართულ წვრთნებში მონაწილეობას გაუმარტივებს.

"თავდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა და პაპუა-ახალმა გვინეამ მოამზადეს როგორც თანასწორმა და სუვერენულმა პარტნიორებმა. შეთანხმება  სრულიად გამჭვირვალე იქნება". - თქვა ბლინკენმა დოკუმენტისთვის ხელის მოწერის ცერემონიაზე, რომელიც წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნის დედაქალაქ პორტ-მორზბიში შედგა.

პაპუა-ახალი გვინეის პრემიერმინისტრმა, ჯეიმს მარაპემ თქვა, რომ შეთანხმება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, რამდენადაც 1975 წლის შემდეგ პირველად, მათ ექნებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება მათ ტერიტორიულ წყლებში.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წუხილი გამოთქვა იმის შესახებ, რომ შეთანხმების გასაფორმებლად პაპუა-ახალ გვინეაში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება მოუწია. დიდი შვიდეულის სამდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დეფოლტთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებების გასამართად ბაიდენი ვაშინგტონში დროზე ადრე დაბრუნდა. სწორედ ამან გამოიწვია აზიური ტურნეს ფარგლებში QUAD-ის წევრების სამიტისა და პაპუა-ახალ გვინეაში ისტორიული ვიზიტის გაუქმება. ამერიკის პრეზიდენტის აზიური ტურნე თავდაპირველად რვა დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.

ბლინკენის მიერ მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერის პარალელურად, პაპუა-ახალი გვინეის დედაქალაქს წყნარი ოკეანის 14 კუნძულოვან ქვეყანასთან ერთად მიმდინარე სამიტის ფარგლებში ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა  მოდიც სტუმრობს.

მოდიმ 14-ვე ქვეყნის ლიდერს უთხრა, რომ ინდოეთი, რომელსაც სურს "თავისუფალი, ღია და ინკლუზიური ინდო-წყნარი ოკეანე", მათი სანდო პარტნიორი იქნება.

"ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გვინდა ციფრულ და კოსმოსურ ტექნოლოგიებში, ჯანდაცვაში, სურსათის უსაფრთხოებაში, კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვაში საკუთარი შესაძლებლობებისა და გამოცდილების გაზიარება". - თქვა მოდიმ სამიტის გახსნის დროს წარმოთქმულ სიტყვაში.

ინდოეთის პრემიერმინისტრმა დასძინა, რომ ჰიროშიმაში გამართული დიდი შვიდეულის სამიტის დროს, QUAD-ის - აშშ-ს, ავსტრალიის, იაპონიისა და ინდოეთის - ლიდერები წყნარი ოკეანის კუნძულოვან ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

მოგვიანებით წყნარი ოკეანის 14 ქვეყნის ლიდერთან შეხვედრას ენტონი ბლინკენიც გეგმავს.

პაპუა-ახალი გვინეის ოპოზიციური პარტიების ლიდერები შიშობენ რომ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენების ზრდა ჩინეთს გაანაწყენებს, ამიტომ შეთანხმების გაფორმების საწინააღმდეგოდ დედაქალაქში აქციებიც გამართეს. პრემიერმინისტრ მარაპეს თქმით კი, ჩინეთთან, ქვეყნის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორთან, ურთიერთობის გაუარესებას არ მოელის.

ისტორიკოსების თქმით, პაპუა-ახალმა გვინეამ და სოლომონის კუნძულებმა თავისი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მეორე მსოფლიო ომის დროს უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს შეერთებული შტატების მიერ ფილიპინების გათავისუფლებაში.

კომენტარები