ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი

სეულში სამხრეთ კორეისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების პირველი სამიტი მიმდინარეობს

REUTERS/Kim Hong-Ji

ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე გეოპოლიტიკური მეტოქეობის ზრდასთან ერთად გავლენის გაფართოების მცდელობის ფარგლებში, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა სამხრეთ კორეისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების პირველი სამიტი გახსნა.

იოლმა უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრები კუნძულოვანი ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის კირიბატის პრეზიდენტ ტანეტი მაამაუსთან და პაპუა-ახალი გვინეის პრემიერმინისტრ ჯეიმს მარაპესთან. ტაიფუნის გამო სამიტს არ ესწრება მიკრონეზიის ლიდერი.

იუნ სუკ იოლმა თავისი ადმინისტრაციის პოლიტიკა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის შესახებ შარშან წარადგინა და პირობა დადო, რომ ინდო-წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი ქვეყნების სტრატეგიულად მნიშვნელოვან წყლებზე ჩინეთის მზარდი ამბიციების ფონზე, ხელს შეუწყობს წესებზე დაფუძნებული წესრიგის, თავისუფალი, მშვიდობიანი და აყვავებული რეგიონის შენებას.

სტრატეგია ასევე ითვალისწინებს რეგიონში არსებული გამოწვევების გასამკლავებლად სამმხრივ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიასთან.

გასულ კვირას პაპუა-ახალი გვინეის დედაქალაქში წყნარი ოკეანის ქვეყნებისა და ინდოეთის სამიტი გაიმართა, სადაც ნარენდრა მოდიმ კუნძულოვან ქვეყნებს სანდო პარტნიორობის პირობა მისცა. სამიტის პარალელურად პაპუა-ახალი გვინეის პრემიერმინისტრმა და შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

კომენტარები