სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი სეულის სასამართლოს ბრძანებით მიმდინარე წელს უკვე მეორედ დააკავეს.
პროკურორის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებულმა შესაძლოა საქმის მტკიცებულებები გაანადგუროს, რის გამოც სასამართლოსგან წინასწარი პატიმრობა მოითოხვა.
ბრალდების მიხედვით, რომლის გამოც წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, იუნმა თავისი კაბინეტის წევრების უფლებები დაარღვია, როდესაც სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე მათგანთან ერთად ჩაატარა სხდომა, დანარჩენებს კი არ შეატყობინა.
ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც იუნ სოკ იოლს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პირველად ის იანვარში დააკავეს, თუმცა, მარტში სასამართლომ მისი გათავისუფლების მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ყოფილმა პრეზიდენტმა უინმა გასული წლის დეკემბერში მოულოდნელად ქვეყანაში "სამხედრო მდგომარეობა" გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის შენობის ოპოზიციისგან დაცვა უბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყო ჯარი, ოპოზიციის წევრებმა მაინც შეძლეს შენობაში შესვლა და პრეზიდენტის ბრძანების გაუქმება.
მოგვიანებით, პარლამენტმა იუნის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იუნმა დაარღვია კონსტიტუცია, რის გამოც მისი იმპიჩმენტის ლეგიტიმურობა ოფიციალურად დაამტკიცა.





