საკანონმდებლო ცვლილება

ფინანსურ დანაშაულს სსკ-ს ახალი მუხლი - მსჯავრდებულთან უკანონო გარიგების დადება ემატება

ქართულმა ოცნებამ პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილებები შეიტანა კანონპროექტში, რომლის მიხედვით,  ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულებისას მარტივდება დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის, მისი ოჯახის წევრების და ასევე დაკავშირებული პირებისაგან მატერიალური რესურსების ამოღება. კანონპროექტს, შესაბამისი ცვლილებებით კენჭი დღეს, 2 ივლისს, II მოსმენით უყარეს.

კანონპროექტის წარმდგენის არჩილ გორდულაძის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომელიც შესაბამისი დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთან უკანონო გარიგების დადებას გულისხმობს. ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულს სარგებლის სახით შეუძლია თვის განმავლობაში მხოლოდ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობის მიღება.

"სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომელიც გულისხმობს მსჯავრდებულთან უკანონო გარიგების დადებას, მისი შინაარსია, რომ ადამიანები, რომლებიც არიან მსჯავრდებულები, მათ შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ მიიღონ თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგი ოდენობა, მხოლოდ და მხოლოდ, სარგებლის სახით და არავითარი მეტი. რა თქმა უნდა, მეორე მოსმენის მიერ წარმოდგენილიყო რედაქციის მიხედვით, ცვლილება არ შეხება თანხების ელექტრონული ფორმით, არანაღდი ანგარიშსწორებით ჩარიცხვას, ოღონდ აქაც მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ შესაბამის დაწესებულებაში კონკრეტული მსჯავრდებულის საკუთრებაში არსებულ ანგარიშზე უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.

ამავდროულად შესაძლებელი იქნება უძრავი ქონების მიღებაც, ოღონდ საკუთრებაში მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ თუ საკუთრებაში გადაეცემა პირის უძრავი ქონება, ავტომობილი ან თანხა არანაღდი ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი ყადაღა დაედება აღსრულების მიერ აღნიშნულ ქონებას და მიექცევა ისევ და ისევ დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად" - განაცხადა გორდულაძემ.

გარდა ამისა, ნებისმიერი სხვა სარგებლის მიღება დანაშაულად ჩაითვლება და დაზარალებულისთვის ზიანის ასანაზღაურებლად გამოიყენება. მათ შორის, სასჯელის მოხდის შემდეგ, უბრალოდ სარგებლობაში გადაცემული სახლები ან ძვირადღირებული ავტომობილი.

"ხოლო ყველა სხვა სარგებლის მიღება და ასევე გადაცემა ცალკე დანაშაულად იქნება განსაზღვრული, რაც თავის მხრივ მიზნად ისახავს ისევ და ისევ დაზარალებულების დაკმაყოფილების ვალდებულების უზრუნველყოფას. რომ არ მოხდეს ისეთი შემთხვევა, რომ მსჯავრდებული ტოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას გამოდის გარეთ, შესაბამისად, მას სხვა პირები, იქნებიან ეს ახლო ნათესავები თუ მასთან დაახლოებული პირები აცხოვრებენ, აძლევენ ფუფუნების საშუალებას, რეალურად პირი იღებს სარგებელს და გაურბის ვალდებულებას, რომ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. ამავდროულად, თუ პირები უბრალოდ გადასცემენ სარგებლობაში მაგალითად უძრავი ქონების სახით სახლს, ძვირადღირებულ ავტომობილს, ესენიც ჩამორთმევას დაექვემდებარება და მოხდება მათი დაზარალებულის ზიანის ანაზღაურებისთვის მიქცევა". - განმარტა გორდულაძემ. 

რაც შეეხება პირებს თუ ვისთვის მოხდება ქონების ჩამორთმევა, დაზუსტებული ვარიანტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება მსჯავრდებულის საკუთრებაში არსებული ქონების სრულად ამოღება. გარდა ამისა, გავრცელდება ახლო ნათესავებსა და სხვა პირებზე, რომლებსაც თუნდაც წარსულში ქონება ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადასცეს.

"რა თქმა უნდა, სრულად გავრცელდება მსჯავრდებულის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ასევე თუ მსჯავრდებულს დანაშაულის ჩადენის შემდეგ უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლები თანხით აქვს გადაცემული სხვა პირებისათვის ქონებები, ამ ქონებებისთვის ყადაღის დადება და შემდეგ უკვე განაჩენის გზით მიქცევა მოხდება ზიანის ანაზღაურება. ამავდროულად, მსჯავრდებულის ახლო ნათესავების იმ ქონებიდან, რომლის მიღებასთან დაკავშირებით, ის დამნაშავედ არის ცნობილი ფულის გათეთრებისთვის, მსჯავრდებულისა და ახლო ნათესავისათვის, ასევე სხვა პირისათვის გადაცემული ქონებები, მათ შორის, წარსულში, რომელთა დაკავშირებითაც ახლო ნათესავი ან სხვა პირი მსჯავრდებული იქნება ფულის გათეთრებისათვის". - აღნიშნა გორდულაძემ. 

მისივე თქმით, აღსრულების წესს განსაზღვრავს იუსტიციის სამინისტრო. 

კანონპროექტის მიხედვით, თუ მსჯავრდებული, რომელსაც დაზარალებულისთვის კომპენსაცია არ გადაუხდია, ერთი თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტ სარგებელს მიიღებს, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ასევე, ვინც მსჯავრდებულს საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტ სარგებელს გადასცემს, ან ისეთ უძრავი ქონებას, ან ისეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას სარგებლობის უფლებით, "რომლის სარგებლობისთვის საფასურის საბაზრო ღირებულება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობას აღემატება", დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

16 ივნისს გორდულაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების ახალი კანონპროექტი გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება.

კომენტარები