სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, თბილისელების 47.4% თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მომხრეა. აქედან 29.3% ამბობს, რომ ადგილობრივ არჩევნებს პარტიებმა ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, ხოლო 18.1%-ის აზრით, პარტიებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღონ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა, თუ მანამდე, ან მასთან ერთად ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 21.8% მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი უპირობოდ უნდა გამოუცხადოს, ხოლო 16.3% არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ვადამდელი არჩევნების პირობებში განიხილავს, 45.5% ამბობს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს იმის მიუხედავად, ჩატარდება თუ არა ვადამდელი არჩევნები.
აღსანიშნავია, რომ პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა 43.3% არჩევნების უპირობო ბოიკოტის მომხრეა, 26.2% კი ამბობს, რომ პარტიებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღონ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა, თუ მანამდე, ან მასთან ერთად ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
რაც შეეხება ქართული ოცნების/ხალხის ძალის ამომრჩეველს, მათი 70.4% თვლის, რომ ოპოზიციამ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა უპირობოდ უნდა მიიღოს.
კვლევიდან ამონარიდი იაგო კაჭკაჭიშვილმა გაასაჯაროვა. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გამოკითხეს 2 000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. საველე სამუშაოები დასრულდა 30 ივნისს.





