თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე მუსელიანცითვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა სავალდებულო წესით გადაისინჯა. ბრალდების მხარე მუსელიანცის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე მის გათავისუფლებას შუამდგომლობდა. ადვოკატმა მოსამართლეს მუსელიანცის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება, ასევე დამატებითი ღონისძიებები შესთავაზე.
მოსამართლე გიორგი არევაძემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა. მომდევნო პროცესი 22 აგვისტოს, 11:00 საათზე ჩაინიშნა, აღნიშნულ პროცესზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება, შესაძლოა განაჩენიც იმავე დღეს გამოცხადდეს.
"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით და მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებით, დასტურდება ფაქტი, იმასთან დაკავშირებით, რომ მან ცეცხლის წაკიდებით დააზიანა სატელეკომუნიკაციო კარადა რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. [...] 534 ლარის ზიანია, როგორც ეს ექსპერტმა განსაზღვრა, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით". - თქვა პროკურორმა.
არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს მიმდინარე აქციების დროს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცის 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლებს გადასაღებად არ უშვებენ. ჟურნალისტების ცნობით, ოპერატორებს მუშაობის შესაძლებლობა სასამართლოს ეზოს შესასვლელთან აქვთ. ეზოსა და შენობის ტერიტორიაზე გადაღება აიკრძალა. მედიას, მათ შორის, აღარ აქვს სასამართლო სხდომების ჩაწერის უფლება.





