განათლების სამინისტრო

ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა – სამინისტრო

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს. 

სამინისტროს მტკიცებით, ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა, რადგან გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო. 

"2024 წლიდან სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა. მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მიმდინარე და ახალ სერვისებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი" - წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

მოქალაქე ცირა ბარქაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ განათლების სამინისტრომ რეორგანიზაციის საბაბით გააუქმა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო. 

"გუშინ გვიან ღამე ოფიციალურად შევიტყვეთ, რომ განათლების სამინისტროში გაუქმდა ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო.


ეს ე.წ. რეორგანიზაციის ნაწილია — რეალურად კი ძალაუფლების კონცენტრაციის, პასუხისმგებლობის გაქრობის და პროფესიონალების სისტემიდან განდევნის მექანიზმი.

ცხადია, სამმართველოს გაუქმება არ ნიშნავს სისტემურ წარმატებას. ინკლუზია არ გაძლიერებულა ისე, რომ მის მხარდაჭერას აღარ სჭირდება სპეციალური სტრუქტურა. პირიქით — ეს ნიშნავს, რომ ინკლუზია აღარც პრიორიტეტია და აღარც მინიმალური ვალდებულება.

ვისაც ამ სფეროში ოდესმე უმუშავია, იცის: ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი ბერკეტი, რომელიც პროფესიაზე, ადამიანებზე, შედეგზე ორიენტირებული მუშაობის საშუალებას გვაძლევდა — წინააღმდეგობების მიუხედავად" - წერს მოქალაქე ცირა ბარქაია სოციალურ ქსელში

კომენტარები